You are currently viewing ქრისტეს დაცემული ადამიანური ბუნებისა და მისი არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ მცდარი გაგების შესახებ

ქრისტეს დაცემული ადამიანური ბუნებისა და მისი არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ მცდარი გაგების შესახებ

  • Post author:
  • Post category:Blog

ქრისტეს დაცემული/დაუცემელი ადამიანური ბუნების შესახებ საკითხი მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის ერთ-ერთ ურთულეს საკითხს წარმოადგენს. ამ საკითხის გარკვევა ლოგოსის განკაცების შესახებ სწავლებამდე, შედეგად კი სოტერეოლოგიის საკითხამდე მიდის. ქრისტეს დაუცემელი ბუნების შესახებ საკითხი ერთ-ერთი მათგანია, რომელთაც პატივცემული არქიმანდრიტი მხარს უჭერს. აი, რას წერს ჩვენი ავტორი:

„ბ-ნ ოსიპოვი წერს, რომ ქრისტემ ადამიანის არა სუფთა, არამედ დაცემული, პირველმშობელთა ცოდვით დაზიანებული ბუნება მიიღო. მე ვემხრობი წმიდა მამათა სწავლებას იმის შესახებ, რომ ქრისტემ ადამიანის სუფთა, სრულყოფილი ბუნება მიიღო, რომელსაც პირველქმნილი ცოდვა არ გააჩნდა. ბ-ნ ოსიპოვი ასწავლის, რომ ქრისტემ თავისი ბუნება მიწიერი ცხოვრებისას სრულყო, განსაკუთრებით ჯვარზე ვნებისას. მე კი აღვიარებ, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ყოველთვის სუფთა და სრულყოფილი იყო და მან თავის თავზე აიღო არა პირველქმნილი ცოდვა, არამედ პირველქმნილი ცოდვის შედეგები“  http://karelin-r.ru/newstrs/157/1.html

„ადამიანისთვის ის არის დამახასიათებელი, რაც მასში უფალმა ჩადო, ამიტომ ქრისტემ ადამის დაცემამდელი ბუნება მიიღო, ხორცი, რომელიც ღმერთმა, როგორც მოქანდაკემ სუფთა მიწისგან გამოძერწა და რომელიც ჯერ არ იყო ცოდვით წაბილწული  http://karelin-r.ru/newstrs/157/1.html

პატივცემული პროფესორის, ა. ი. ოსიპოვის, ღვთისმეტყველების ზოგიერთ ასპექტს რაც შეეხება, ჩვენც არ ვეთანხმებით ყველაფერში. თუმცა პატივცემული არქიმანდრიტის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან ცხადია, რომ ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და მისვე მიერ გამოყენებული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის არსი არ ესმის. თუ ღვთიურმა ლოგოსმა „ადამიანის სუფთა, სრულყოფილი ბუნება მიიღო“, მაშ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანური ბუნება, რომელსაც ავტორის თანახმად „პირველქმნილი ცოდვის შედეგები გააჩნდა“, არ ყოფილიყო დაცემული? ჩვენ ვიცით, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგები, ანუ ვნებები, ადამში მის მიერ ჩადენილი ცოდვის შემდეგ წარმოიშვა და ადამის ბუნება ხარისხობრივად შეიცვალა – გახდა დაცემული (ადამს ვნებები გაუჩნდა: ის იღლებოდა, შივდებოდა, წყურდებოდა  და ა. შ.). ამ დაცემულ ბუნებას იღებს ღვთაებრივი ლოგოსი და მაქსიმალურ ხარისხამდე განაღმრთობს მას (მაგრამ არ შთანთქვას მას) უქმნელი ენერგიებით (შეად. კოლ. 2, 9)  (რამდენადაც მიღებული ბუნება ღვთიურ იპოსტასს უერთდება) პატივცემული არქმინადრიტის აზრის საპირისპიროდ, რომ „ქრისტემ ადამის დაცემამდელი ხორცი მიიღო“; მაგრამ თუ დაუცემელ მდგომარეობაში მყოფი ადამის ხორცი მიიღო, როგორ შეეძლო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას „პირველქმნილი ცოდვის შედეგები“ ჰქონოდა (ანუ ვნებები), როდესაც ადამის ბუნება სამოთხეში სუფთა და დაუცემელი იყო?  შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა და ა. შ. პირველქმნილი ცოდვის შედეგებს შეადგენენ, ანუ ეს უკვე დაცემული ადამის თვისებებია. აშკარაა, რომ პატივცემული არქმინადრიტი ვერ განასხვავებს ან არ ესმის, რომ ადამის ბუნება დაცემამდე და დაცემის მერე ერთდროულად განსხვავებულიც იყო და იგივეც, ხოლო უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დაცემის შემდეგ ადამის ბუნება ხარისხობრივად შეიცვალა თავისი არსებობის ტროპოსით, და არა თავისი ბუნების მყოფობის ლოგოსით. ეს ნიშნავს, რომ სრულყოფილების თვალსაზრისით ადამის ბუნება თავისი მყოფობის ლოგოსით არ შეცვლილა, ანუ ისეთივე იყო ცოდვით დაცემამდეც და დაცემის შემდგომაც (დაცემის შემდეგაც ადამი ადამიანად დარჩა), ანუ ამ გაგებით, ის ქრისტეში სრულყოფილი იყო და ეს არის IV მსოფლიო (ქალკიდონური) კრების (451 წ.) დოგმატი, რომ: „κύριον μν ησον Χριστν συμφώνως παντες κδιδάσκομεν, τέλειον τν ατν ν θεότητι κα τέλειον τν ατν ν νθρωπότητι“ – უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ერთი და იგივე ძე, ერთი და იგივე სრულყოფილი ღვთაებით და სრულყოფილი ადამიანობით, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, ერთი და იგივე, გონივრული სულისა და ხორცისგან შემდგარი“, ასევე ჩვენი თანაარსი (μοούσιον) ადამიანობით“. მაგრამ ადამის ბუნების არსებობის ტროპოსის შესახებ ჩვენ იგივეს ვერ ვიტყვით. ამ გაგებით ცოდვის სიბილწე შევიდა ადამის ბუნებაში და მისი არსებობის ტროპოსი შეცვალა. აქვე შევნიშნავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტეში არ იყო პირველქმნილი ცოდვა, – ჩვენ ზოგადად ვიტყვით, რომ ქრისტეში არავითარი პირადი ცოდვა არ იყო და ეს იმავე IV მსოფლიო კრების  დოგმატია, რომ განკაცებული ლოგოსი ადამიანური ბუნებით იყო: ყველაფრით ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარდა“ – „κατ πάντα μοιον μν χωρς μαρτίας“. მაგრამ ღვთიური ლოგოსი იღებს ადამის დაცემულ ბუნებას, რაზე მეტყველებს ეს? ეს გულისხმობს, რომ ღვთიური ლოგოსის მიერ მიღებული ადამიანური ბუნება (ქალკიდონის ოროსის თანახმად) თავისი მყოფობის ლოგოსით სრულყოფილი იყო (ლოგოსმა ჩვენი ბუნების მთელი სისავსე მიიღო: სული, სამშვინველი და ხორცი – პავლე მოციქულის ტრიქოტომია (1 თეს. 5, 23), ხოლო თავისი არსებობის ტროპოსით (საშუალებითა და სახით) კი ის ხარისხობრივად შეიცვალა („ყველაფრით ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარდა“), ანუ ტროპოსის ბუნებით, რომელიც თავის თავში, ზუსტად, პირველქმნილი ცოდვის შედეგებს, მაგრამ არა თავად ცოდვას ატარებდა, რაც ჩვენ ქალკიდონის კრების ოროსით დავამტკიცეთ. ლოგოსის მიერ მიღებული ადამიანური ვნებები უყვედრელი იყო და რაც მთავარია – ლოგოსმა ისინი ნებაყოფლობით მიიღო. ზუსტად როდესაც ამ გაგებით ვსაუბრობთ ლოგოსის მიერ მიღებულ დაცემულ ადამიანურ ბუნებაზე, ჩვენ მისი უკვე ხარისხობრივად შეცვლილი ადამიანური ბუნების ტროპოსზე ვსაუბრობთ, ყოველგვარი პირადი ცოდვის გარეშე.

თუ პატივცემულ არქიმანდრიტს ისეთი ტერმინების, როგორებიც არის, მაგალითად, „დაცემული ბუნება“, ან რომ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას შეიძლება „შეხებოდა“ ცოდვა, გამოყენების მიმართ პირადი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მაშინ წმინდა მამების სიტყვებით ვიტყვით. პავლე მოციქული წერს: „რამეთუ, რომელმანიგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა (ἁμαρτίαν)“ (2 კორ. 5, 21). ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქრისტეში იყო ცოდვა, არა, არამედ პავლე მოციქულის ეს გამოთქმა მისი სხვა აზრიდან გამომდინარეობს, რომ ქრისტე დედამიწაზე გამოჩნდა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (ἐν ὁμοιώματι σαρκòς ἁμαρτίας) (რომ. 8, 3). იგივე მაგალითი იოანე მოციქულსაც აქვს, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს იმეორებს, როდესაც მან მისკენ მიმავალი ქრისტე დაინახა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ὁ αἴρων τὴν ἁμαρτίαν του̃ κόσμου)“ (იოანე. 1, 29). წმ. მაქსიმე აღმსარებელი (+ 662) ცოდვის (ἁμαρτία) ორ გაგებას განასხვავებს. ის წერს: „როდესაც, ძველად, ბუნებრივი გონიერების გამოვლინება ადამში ხრწნას დაექვემდებარა, მასთან ერთად ბუნებაც განიხრწნა, თქვა რა უარი უხრწნელების სიკეთეზე. მაშინ წარმოიქმნა ცოდვა პირველი, გაკიცხვის ღირსი, ანუ ნება სიკეთისგან ბოროტებისკენ მიიდრიკა; პირველი ცოდვიდან მეორეც წარმოიშვაბუნების უხრწნელებიდან ხრწნილებისკენ გადასვლა, რაც ვერ განიკიცხება. რამეთუ ორი ცოდვა წარმოიშვა ჩვენს პირველ მამაში ღვთის მცნების დარღვევის შედეგად: ერთიგაკიცხვის ღირსი, მეორე კი, რომელსაც მიზეზად პირველი ჰქონდა, – რომელსაც ვერ გავკიცხავთ“ [1]. იგივე წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფალმა ჩემი ცოდვა არ უწყოდა, ანუ ჩემი ნებელობის ცვალებადობა, ჩემი ცოდვა არ მიუღია არ ქცეულა ამ ცოდვად, არამედ ჩემთვის ცოდვა, ანუ ჩემი ნებელობის ცვალებადობით წარმოქმნილი ბუნების დაზიანება მიიღო, ჩვენს გამო გახდა ბუნებით ვნებებს დამორჩილებული (უმანკო) ადამიანი“ [2]. მოცემული მაგალითებიდან სრულიად გასაგები ხდება, რა გაგებით ჰქონდა ცოდვას კავშირი ქრისტესთან – მხოლოდ და მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის უყვედრელი (უკიცხველი) შედეგების თვალსაზრისით. ამგვარად, წმინდა მამები ლოგოსის განკაცების საკითხში ცოდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებას არ ერიდებოდნენ, რადგან ბერძნული ენის ნორმები (სიტყვების ეტიმოლოგია) ბერძნულენოვან ქრისტიანებს ამის საშუალებას და უფლებამოსილებას აძლევდა და ეს სამოციქულო მეთოდია, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ. ამგვარად, წმ. მაქსიმე ლოგოსის მიერ მეორეცოდვის მიღებაზე საუბრობს, ანუ ჩვენი ბუნების დაზიანების (ხრწნილების) თვალსაზრისით და ამავდროულად ლოგოსის მიერ პირველი ცოდვის მიღბას გამორიცხავს. III მსოფლიო (ეფესოს) კრების (431 წ.) წმინდა მამებმა აღნიშნულ საკითხს საინტერესო განსაზღვრება მისცეს. წმ. გრიგოლ ნოსელის (+ 394) ციტირებისას მამებმა ასე თქვეს ლოგოსის განკაცების თაობაზე: „ καθαρς κα κήρατος τν τς νθρωπίνης φύσεως καταδέχεται ῥύπον“ – „სუფთა და უმანკო გარდამოდის, რათა ადამიანური ბუნების სიბილწე აღიღოს“ [3]. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+ 444), რომელიც III მსოფლიო კრების თავმჯდომარე იყო, მოწმობს: სიტყვაღმერთმააღიღ რა ცოდვილი ბუნება, საკუთარი მოსაგრეობით განამართლა [იგი]…“ [4]. ეს სიტყვები პატივცემულ არქიმანდრიტს პირდაპირ ეწინააღმდეგება, რომელიც მიიჩნევს, რომ ქრისტემ მიიღო ადამის ბუნება დაცემამდე. აღნიშნული წმინდა მამის იგივე სიტყვები ჩვენი ავტორის სხვა აზრსაც ეწინააღმდეგება, რომელიც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ „ქრსიტემ თავისი ბუნება მიწიერი ცხოვრებისას სრულყო, განსაკუთრებით ჯვარზე ვნებისას“, ხოლო წმ. კირილეს თანახმად კი სიტყვა-ღმერთმა „საკუთარი მოსაგრეობით განამართლა“ ადამიანური ბუნება, და საბოლოო უხრწნელებამდე მიიყვანა იგი. ამასთან დაკავშირებით წმ. კირილე შენიშნავს: „აღდგომის შემდეგ კი, იმავე სხეულს, რომელმაც ტანჯვა განიცადა, ადამიანური უძლურებები აღარ გააჩნდა. ახლა უკვე აღარ ვამბობთ, რომ ის შიმშილს, დაქანცვას ან ამგვარ რამეს ექვემდებარება, არამედ ვამტკიცებთ, რომ საბოლოოდ უხრწნელი შეიქნა[5]. ამგვარად, წმ. კირილე მოწმობს, ადამიანური ბუნების საბოლოო უხრწნელება ფაქტად  მხოლოდ აღდგომის შემდეგ იქცა, რადგან აღდგომამდე ის იყო ხრწნადი, დაცემული, პირველქმნილი ცოდვის შედეგებს დაქვემდებარებული. ანუ, ქრისტეს ადამიანური ბუნება (ტროპოსით) აღდგომაში სრულყოფილ იქმნა. ამის კარგი მაგალით სახარებაში გვაქვს: მიწიერი ცხოვრებისას ქრისტეს შივდება (ლუკა. 4, 2; მარკ. 11, 12), აღდგომის შემდეგ კი არ შია (ლუკა. 24, 42-43), არამედ მხოლოდ იმიტომ ჭამს, რომ მოციქულები დაეჭვდნენ, მათ წინ სული ხომ არ არის (ლუკა. 24, 37-41) და ქრისტე მხოლოდ იმის დასამოწმებლად ჭამს, რათა მოწაფეებს დაუმტკიცოს, რომ ის იგივე სხეულით აღდგა, რომლითაც მოკვდა. წმ. კირილეს, კიდევ ერთი არანაკლებ ყურადსაღები გამოთქმა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტემ სრულყო, ზუსტად რომ ადამიანური ბუნება: „ბუნებით სიცოხლეა და კვლავ ცოცხლდება, გარდაქმნის ადამიანურ ბუნებას ახალ ცხოვრებად“ – „ζω κατ φύσιν πάρχων, νεβίω πάλιν, τν νθρώπου φύσιν ναμορφν ες καινότητα ζως“ [6]. წმ. კირილე საკმაოდ ცხადად წერს: მოკვდინებულია სიკვდილი ჩემი სიკვდილით და ჩემთან ერთად თანააღდგება (συναναστήσεταί), ამბობს (ქრისტე) დაცემული ადამიანური ბუნება ( πεσοσα το νθρώπου φύσις)“ [7]. ანუ, წმ. კირილეს თანახმად, ქრისტესთან ერთად ჩვენი დაცემული ადამიანური ბუნება ქრისტეში თანააღდგება, მაგრამ თუ ქრისტემ მიიღო არა ჩვენი დაცემული ბუნება, არამედ ადამიანური ბუნება დაცემამდე, პატივცემული არქმიანდრიტის თანახმად, და ე. ი. ხარისხობრივად, არსებობის ტროპოსით ჩვენგან განსხვავებული, ანუ იმისგან განსხვავებული ბუნება, რომელიც ქრისტესთან ერთად თანააღდგება (წმ. კირილეს თანახმად), მაშინ ჩვენ პატივცემულ არქიმანდრიტს წმ. ამფილოქე იკონიელის (+ 394 -ის შემდეგ) სიტყვებით ვკითხავთ: თუ (ჩემგან) განსხვავებული სხეული მიიღო, მაშ რაშია ჩემი ხსნისთვის სარგებელი?“ [8].

თუ ქრისტემ მის მიერ მიღებული ადამიანური ბუნება არ სრულყო (რადგანაც ის დაუცემელი ადამის ბუნება იყო), როგორც ჩვენი ავტორი ფიქრობს, გამოდის, არც ჩვენთვის მოუცია სრულყოფის შესაძლებლობა (რადგან ჩვენ დაცემულ ბუნებას ვატარებთ და განკურნებასა და ხსნას ვსაჭიროებთ). თუ ქრისტეში ადამიანური ბუნების სრულყოფას არ ჰქონია ადგილი (რადგანაც ჩვენი ავტორის აზრით ქრისტეს ეს ადამიანური ბუნება „ყოველთვის“ სრულყოფილი იყო), მაშინ ცხადია დასკვნა: ქრისტეს ადამიანური ბუნება არც ჯვარცმამდე და აღდგომამდე და არც მას მერე ხარისხობრივად არ შეცვლილა, რაც კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ ამგვარი „სრულყოფლებით“ ასეთი ბუნების შესახებ სწავლება ემთხვევა ქრისტეს სხეულის აღდგომამდეც და აღდგომის შემდეგ უხრწნელების შესახებ არამართლმადიდებლურ სწავლებას – ზუსტად ასე ასწავლიდნენ ადრეული შუა საუკუნეების მონოფიზიტები [9]. მაგრამ თუ საქმე ასეა, მაშინ აქ ეკლესიის მამისა და მოძღვრის – წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის (+389) – სიტყვებით ვიტყვით, რომლებიც მართლმადიდებლური სოტერიოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად იქცა: „რაც არ მიღებულა, ის არც განკურნებულა“ (Epist. 101, cap. 32–33). თუმცა ეს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა აპოლინარე ლაოდიკიელის, მონოფიზიტობის ჩანასახის მატარებლის, არამართლმადიდებლური აზრის საწინააღმდეგოთ თქვა, რომელიც ქრისტეს ადამიანურ ბუნებას ადამიანურ გონებას ართმევდა, – წმ. გრიგოლის ეს აზრი, ისევე როგორც წმ. ამფილოქეს გამონათქვამი, შეიძლება პატივცემული არქიმანდრიტის დასკვნებს მივუსადაგოთ: თუ ქრისტემ მიიღო ადამის ბუნება დაცემამდე და არა დაცემული/დაზიანებული ბუნება, მაშინ ჩვენ არ განვკურნებულვართ, რადგან წმ. გრიგოლის სიტყვების თანახმად: „რაც არ მიღებულა, ის არც განკურნებულა“ და ე. ი. ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვებში ვართ (1 კორ. 15, 17).

და ბოლოს, ჩვენ გვსურს მოვიყვანოთ ორი მაგალითი საღვთისმსახურო წიგნებიდან – ბერძნული „ოქტოიხიდან, სადაც ერთ-ერთ საკვირაო ტროპარში (ხმა 4/ Ἦχος δ΄), წმ. იოანე დამასკელის (+ 754-მდე) ავტორობით, იგალობება, რომ უფალმა ჯვარზე „დაცემული ადამიანური ბუნება“ აღიყვანა: „Σ Κύριε πρς γν συμπαθς κατελήλυθας, σ ψωσας τν πεσοσαν τν νθρώπων οσίαν ν ξύλω ναρτώμενος“ – „შენ, უფალო, სახიერებით მიწაზე გარდამოხვედი; / შენ აღამაღლე დაცემული (πεσοσαν) ადამიანური ბუნება / ჯვარზე გაკრულმა“[10]. მსგავსი სიტყვები ჯვართამაღლების ბერძნულ მსახურებაშიც არის (ხმა 4/ Ἦχος δ’), სადაც ნათქვამია: „ψουμένου σου Δέσποτα, ν Σταυρ συνανύψωσας, το δμ τν κπτωτον, φύσιν πασαν·“ – „ოდეს ჯვარზე ამაღლდი, მეუფევ, ადამის მთელი დაცემული (κπτωτον) ბუნება თანააღამაღლე“ [11].

გრიგორი გრიგოროპულოსი

* * *

[1] იხ. PG 90 405 CD.

[2] იქვე.

[3] მოგვყავს TLG (Thesaurus Linguae Graecae) შესაბამისად: Concilia Oecumenica (ACO): Concilium universale Ephesenum anno 431 : Tomëvolumëpart 1,1,2, page 44, line 24.

[4] Св. Кирилл Александрийский. О вочеловечении Господа. //Христианское Чтение. 1874. Ч.З. С. 201-202.

[5] იხ. PG 77 233 CD; Св. Кирилл Александрийский. Два послания к Суккенсу, епископу Диокесарийскому (перевод с древнегреческого, предисловие и примечания иеромонаха Феодора (Юлаева). Богословский Вестник издаваемый Московской Духовной Академией и Семинарией (Сергиев Посад, 2010). № 10 cтр. 22.

[6] TLG Cyrillus Theol. : Commentarius in xii prophetas minores : Volume 2, page 236, line 27.

[7] TLG Cyrillus Theol. : Commentarii in Joannem : Volume 1, page 518, line 20.

[8] TLG Amphilochius Scr. Eccl. : Fragmenta : Fragment 6, line 42.

[9] ამას იულიანიტები (გაიანიტები, ავტარტოდოკეტები) ასწავლიდნენ, მონოფიზიტ იულიანე გალიკარნასელის მიმდევრები, რომ ქრისტეს სხეული არა მარტო აღდგომის შემდეგ, არამედ განკაცების მომენტიდანვე უხრწნელი იყო ღვთაებასთან შეერთების გამო (იხ. წმ. თეოდორე რაიფელი. De incarnatione, PG 91 1497 C-D; ლეონტი ბიზანტიელი. Contra Nestorianos et Eutych. lib. II, PG 86, I, 1329 С, 1325 D). ანუ, ბუნებით ისეთივე იყო, როგორიც ჩვენი სხეული იქნება აღდგომის შემდეგ, როდესაც აღარ იქნება ხრწნა და ტანჯვა (ლეონტი ბიზანტიელი. ibid. 1337A-B).

[10] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://glt.goarch.org/texts/Och/Tone4Sun.html

[11] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი:  http://www.sakketosaggelos.gr/Article/6143/