ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა მოუნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის თემა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მოუნათლავ ჩვილთა უცილობელი ჯოჯოხეთის ხვედრის მომხრეებს არ აკმაყოფილებთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი ცნობილი წმინდა მამების და მოძღვრების აზრი, როგორებიც არიან წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი [1] და წმ. გრიგოლ ნოსელი [2], რომლებიც მოუნათლავი ჩვილების ჯოჯოხეთური ხვედრის მომხრენი არ არიან. ასეთ აზრს აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამების მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა. ამ მიზეზით, მოუნათლავი ჩვილების უცილობელი ჯოჯოხეთური ხვედრის მომხრეები ხელაღებულ მცდელობას მიმართავენ – მათ თავისი, თითქოსდა სიმართლის დასამოწმებლად, მოჰყავთ აღმოსავლელი ეგვიპტელი ასკეტის, წმ. მაკარი დიდის (ეგვიპტელის), ბუნდოვანი (თანაც – ერთადერთი) გამოთქმა. მაგრამ ამას ისინი საკმაოდ უწიგნურად, არაკომპეტენტურად და სუბიექტურად აკეთებენ, არ ითვალისწინებენ რა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობისა და ობიექტურობის ისტორიას. ეკლესია მარათლმადიდებელი მოღვაწეებისა და მოძღვრების ამა თუ იმ საღვთისმეტყველო ან ასკეტური ტრაქტატების დედნის უტყუარობის შეფასებისას ობიექტურობას ყოველთვის ითვალისწინებდა. აღნიშნული პრინციპით ესა თუ ის უტყუარი/ყალბი თხზულებების აღიარება ან უარყოფა ხდებოდა, კომპეტენტური მართლმადიდებელი პატროლოგების კვლევების საფუძველზე. ეს არის კრებებისა და მართლმადიდებელთშორისი კონფერენციების პრინციპი.
გასაკვირია, მაგრამ მოუნათლავ ჩვილთა უცილობელი ჯოჯოხეთური ხვედრის მომხრეები არ არიან საქმის კურსში, რომ ღირსი მაკარის ასკეტური ნაშრომებს უკვე დიდი ხანია, რაც სხვა პიროვნებას განუკუთვნებენ. წმ. მაკარის ასკეტური ნაშრომები და საერთოდ მისი წერილები (შემდგომში – „მაკარისეული კორპუსი“) წმ. მაკარის არ ეკუთვნის, რაც მართლმადიდებელმა პატროლოგებმა ცალსახად დაადგინეს. „მაკარისეული კორპუსის“ წმ. მაკარის ავტორობასთან დაკავშირებით პირველი ეჭვები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ათონის წმინდა მთაზე გამოითქვა. ეჭვი XVIII საუკუნის ცნობილმა ათონელმა ბერძენმა მეცნიერმა, მოღვაწემ და ბერმა-კოლივადმა – ნეოფიტე კავსოკალივიტმა გამოთქვა [3]. აღნიშნული საკითხის, ისევე როგორც მთელი „მაკარისეული კორპუსის“ თაობაზე კვლევა ორ პატროლოგს – ა. გ. დუნაევს და მღვდელ–მონაზონ ვინსენს (დეპრე) ეკუთვნით, რომლებმაც „მაკარისეული კორპუსისადმი“ მიძღვნილ თავის მოცულობით ნაშრომში – „ღირსი მაკარი ეგვიპტელი (სიმეონ მესოპოტამელი). სულიერი სიტყვანი და წერილები“ (მ., 2015; რუს. ენ.) – შედარებით ანალიზისა და ტექსტუალური გარჩევის საფუძველზე, დროით-ისტორიული ასპექტის გათვალისწინებით დამაჯერებლად დაამტკიცეს, რომ წმ. მაკარი არ არის „მაკარისეული კორპუსის“ ავტორი. თავად კორპუსს სხვა ძველ ავტორსა და მოღვაწეს – სიმეონ მესოპოტამელს განუკუთვნებენ. მართლმადიდებელი პატროლოგების ხსენებული წიგნი ქსელშია ხელმისაწვდომი და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მისი შესწავლა [4]. გამოცემა ათონის პანტელეიმონის რუსული მონასტრის ახალი თებაიდის უდაბნოს ეკუთვნის (ათონის წმინდა მთა, მოსკოვი, 2015) და გამოიცა ათონის პანტელეიმონის რუსული მონასტრის იღუმენის იერემიის კურთხევით. ჩვენ არ მოვიყვანთ „მაკარისეული კორპუსთან“ დაკავშირებით დასავლელი მეცნიერების მოსაზრებებს, რომლებიც ავტორობას, ასევე, სხვა პირს განუკუთვნებენ და არა ცნობილ ეგვიპტელ მოღვაწეს. სავსებით საკმარისია იმის ჩვენებაც, რომ ცნობილი მართლმადიდებელი პატროლოგები და მეცნიერები „მაკარისეული კორპუსის“ წმ. მაკარი ეგვიპტელის ავტორობას უარყოფენ.
უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულ გამოცემამდე დიდი ხნით ადრე ცნობილი მართმადიდებელი ღვთისმეტყველები და პატროლოგები იზიარებდნენ აზრს, რომ ნაშრომები, რომლებსაც წმ. მაკარის მიაკუთვნებენ ფსევდოეპიგრაფებს წარმოადგენენ. ვ. ნ. ლოსსკი, „მაკარისეული კორპუსის“ მოძღვრების შესწავლისას, ავტორს „ფსევდო–მაკარის“ [5] უწოდებს. ვ. ნ. ლოსსკის დებულების განვითარებისას მამა იოანე მეიენდორფმა ასევე გამოთქვა თავისი კომპეტენტური მსჯელობა „მაკარისეულ კორპუსთან“ დაკავშირებით და კორპუსში შესული ნაშრომები ფსევდოეპიგრაფებად მიიჩნია [6]. არც „მართლამიდებლური ენციკლოპედია“ გადგა განზე, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კურთხევით გამოიცემა და რუსეთის მართლმადიებელი ეკლესიის ოფიციალურ გამოცემას წარმოადგენს. მართლმადიდებლური ენციკლოპედიის სტატიაში წმ. მაკარი ეგვიპტელის (უფრო ზუსტად, ფსევდო-მაკარის) „მშვენიერებისმოყვარეობის“ („Θιλοκαλία“) შესახებ ავტორი, ასევე, უთითებს, რომ წმ. მაკარის ავტორობა ეჭვის ქვეშ დგას [7].
ორიოდ სიტყვით თავად ფსევდო-მაკარის გამოთქმასაც შევეხებით. ავტორის აზრით (ეს აზრი „მშვენიერებისმოყვარეობაში“ გამოითქვა) დედის მუცელში მოწყვეტილი (შესაბამისად, მოუნათლავი) ჩვილი „სიკვდილიდან სიკვდილისკენ მიდის, სიბნელიდან – სიბნელისკენ“. აქვე მნიშვნელოვანია ქართველი ცნობილი პატროლოგის, ბატონ ედიშერ ჭელიძის, აზრი, რომელიც ზემოხსენებული აზრის შესახებ შემდეგს წერს:
„მეოთხე შემთხვევა წმ. მაკარი დიდს უკავშირდება, რომელიც ამბობს, რომ მუცლადმოწყვეტილი ,,სიკვდილიდან სიკვდილისკენ მიდის (χώρει), სიბნელიდან – სიბნელისკენ“. აი, ეს სიტყვები მოიხმობა ჩვენს ოპონენტთაგან, მაგრამ მათ მიერ ადგილი აქვს წმინდანის სიტყვათა უკიდურეს დამახინჯებას, რადგან თვლიან, რომ აქ იგულისხმება მუცლადმოწყვეტილის ხორციელი სიკვდილიდან სულიერ სიკვდილში და ხორციელი სიბნელიდან სულიერ სიბნელეში გადასვლა. ჩვენ ყველა მკითხველს, ყველა ჩვენს მოწინაადმდეგეს ვთხოვთ წაიკითხონ მაკარის ხსენებული მე-40 ჰომილიის მთელი კონტექსტი (ეს ჰომილია მთლიანად დაიბეჭდება ჩვენი–გაზეთის ერთ–ერთ მომდევნო ნომერში) და ნახავენ, რომ იქ სრულიად სხვა აზრია. კერძოდ, წმ. მაკარი მსჯელობს სულიერად ცხონებულ და სულიერად წარწყმედილ ადამიანებზე და მსგავსად ზემორე მამებისა (ოლიმპიოდორე, წმ. გრიგოლ აკრაკანტელი) სახეობრივ მაგალითად მოაქვს ჩვილის ბიოლოგიური მდგომარეობა; იგი ამბობს: ისევე როგორც, ერთი მხრივ, მუცლადმყოფი ჩვილი, რომელიც თუ მუცელში ცოცხალი შენარჩუნდება, ასევე ცოცხალი დაიბადება და მას სიხარულით შეეგებებიან, და ისევე როგორც,მეორე მხრივ, მუცელში დაზიანებული ჩვილი, თუ მოკვდა იგი, მკვდარი დაიბადება (ანუ: საშოში სიკვდილის მიმღები საშოს გარეთაც, ხილულ სოფელში ასევე სიკვდილში შემოვა, მკვდარი იშვება და საშოს სიბნელიდან ამსოფლადაც სიბნელეში დაიბადება), ამგვარადვე, ერთი მხრივ, ამქვეყნად მკვიდრი ადამიანიც, რომელიც ამასოფელში სულიერად ცოცხალი დარჩება, იმქვეყნადაც სულიერ სიცოცხლეში წავა და მას სიხარულით შეეგებებიან, მეორე მხრივ კი – ამქვეყნად სულიერად მკვდარი ადამიანი (ე.ი. ამქვეყნადვე სულიერ სიკვდილში მყოფი) იმქვეყნადაც სულიერ სიკვდილში წავა. აი, ეს ერთადერთი შინაარსი აქვს წმ. მაკარის სიტყვებს. არანაირი მინიშნება მასში არაა იმაზე, რომ საკუთრივ მუცლადმოწყვეტილი მარადიულ სიკვდილში მიდიოდეს“ [8].
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ითქვას, რომ წმინდა მამათა ტექსტების გარჩევისას ამა თუ იმ თხზულების ტექსტოლოგიური ხასიათისა და ავტორობის მიკუთვნების გათვალისწინება არის აუცილებელი. მართლმადიდებელთშორის კონფერენციებსა და ადგილობრივ სინოდალურ სხდომებზე აღნიშნული კრიტერიუმი, დღესდღეობით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტექსტის კრიტიკული ანალიზის გარეშე წმინდა მამის ამა თუ იმ აზრის დადასტურება შეუძლებელია, რადგან ამას მართლმადიდებლური შეგნების ობიექტურობა და მკვლევრის ელემენტარული სინდისი ითხოვს.
გრიგორი გრიგოროპულოსი
* * *
[1] იხ.: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: ”…რომლებიც მოუნათლავნი წავიდნენ, მართალი მსაჯულის წინაშე არ იქნებიან არც განდიდებულნი და არც დასჯილნი ვინაიდან მართალია დაბეჭდილნი არ არიან, მაგრამ არც დაწუნებულნი” (Святитель Григорий Богослов. Собрание творений в 2-х томах. Т. 1. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. С. 558). ანუ, განდიდების (ისევე, როგორც სასჯელის) მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ ძალისხმევით არის შესაძლებელი.
[2] წმ. ბასილი დიდის ძმა წმ. გრიგოლ ნოსელი სპეციალურ ნაშრომში სახელწოდებით ”ნაადრევად მომწყდარ ჩვილთათვის” პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვილებს, რომელთა არავითარი ბოროტება არ ჩაუდენიათ, არაფერი უშლით ხელს, ღვთის ნათელს ეზიარონ: ”ჩვილი, გამოუცდელი ბოროტისაგან, ვინაიდან მის სულიერ ხედვას არანაირი ავადმყოფობა არ ეღობება იყოს ნათლის თანაზიარი, იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და არ ესაჭიროება განწმენდა სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში, რადგან დასაწყისშივე არ შეუშვია სულში ავადმყოფობა” (Твор. Св. Григория Нисского. Ч.4. М., 1862. С. 345). ანუ სულში სენის შემოშვება ან არ შემოშვება უკვე ნების სფეროა. ჩვილი კი, თუნდაც ცოდვილი ბუნების ზიარი იბადება, როგორც ადამის ყველა შთამომავალი, თავისი ნებით ჯერ არ მონაწილეობს ძველი ბუნების მიდრეკილებაში.
[3] იხ.: А.Г.Дунаев и иеромонах Винсэн (Дэпрэ). Преподобный Макарий Египетский (Симеон Месопотамский). Духовные слова и послания. М, 2015. С. 77.
[4] იხ.: პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://www.academia.edu/16314369/Macarius_Symeon._Collectio_I._Editio_altera_aucta_et_emendata_2015_._Pdf_completus_ad_usum_omnium
[5] იხ.: В.Н.Лосский. Боговидение. Минск, 2007. С. 82-83.
[6] იხ.: MeyendorffJ. Messalianism or Anti-Messalianism? A Fresh Look at the «Macarian» Problem // KYRIA-KON. Festschrift Johannes Quasten. Munster, 1975. Р. 585–590; მისივე: St. Basil, Messalianism and Byzantine Christianity // St. Vladimir’s Theological Quarterly, v. 24. 1980. Р. 228; მისივე: Введение в святоотеческое богословие. Нью–Йорк, 1985. С. 206.
[7] იხ.: პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://www.pravenc.ru/text/178682.html
[8] იხ.: ედიშერ ჭელიძე. „მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში“. თბილისი, 2004. გვ. 276-278. აქ ერთი დაზუსტება უნდა შევიტანოთ: ბატონ ედიშერს ტექნიკური შეცდომა აქვს გაპარული: ფსევდო-მაკარის თხზულებაში ჩვილ ბავშვებზე არა მე–40 ქადაგებაში, არამედ მე–43.5 წერია.