You are currently viewing არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მცდარი შეხედულებების ახალი აპოლოგიის შესახებ

არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მცდარი შეხედულებების ახალი აპოლოგიის შესახებ

  • Post author:
  • Post category:Blog

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პატივცემული არქიმანდრიტის მცდარი საღვთისმეტყველო შეხედულებების შესახებ ჩვენი სტატიების სერიის შემდეგ ვიღაცამ მაინც სცადა ამ შეცდომებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა, სტატიის მომზადება და გამოქვეყნება [1]. ეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ სტატიაში უფრო მეტი სიტყვაა, ვიდრე საქმეზე საუბარი. საუბარია არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ არამართლმადიდებლური სწავლებების მცდარი გაგების შესახებ ჩვენი კრიტიკული შეფასების პასუხზე [2]. ახალ აპოლოგიაში ავტორი ცდილობს სწრაფი პასუხის გაცემას და ჩვენი კრიტიკული სტატიის არსს ივიწყებს; არსი კი არამართლმადიდებლური სწავლებების მოკლედ გადმოცემულ, მაგრამ ღრმა ქრისტოლოგიურ (ყველაზე ძირითად ასპექტებში) და არქიმანდრიტ რაფაელის მიერ ამ სწავლებების მცდარი აღქმის ანალიზში მდგომარეობს. სტატიის ავტორი პატივცემული არქიმანდრიტის მიერ არამართლმადიდებლური სწავლებების მცდარ აღქმას (და მათ აშკარა დამახინჯებულ გადმოცემას) საერთოდ არ აფიქსირებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი მხოლოდ თავის თავს უსმენს და არ სურს იმის მოსმენა, თუ რას ამბობს ოპონენტი. ეს ყოველივე მონოლოგს გავს.  წერის ამგვარი ხერხი აშკარა ტენდენციურობას წარმოადგენს. ჩვენი საპასუხო სტატია მოკლე იქნება, რადგან ახალი აპოლოგია ბევრ ახსნას არ მოითხოვს.

მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური საკითხებიდან მხოლოდ გამოსყიდვის საკითხის გამოყოფა არ შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორს ასე სურს – ეს არ არის წმინდა მამათა მიდგომა; რადგან, ასეთ შემთხვევაში კნინდება, მაგალითად, ლოგოსის განკაცების საკითხი, რომელიც გამოსყიდვის შესახებ სწავლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გამოსყიდვის გაგება, სხვა ყველაფერთან ერთად, ქრისტეს მთელ მიწიერ ცხოვრებასაც ეხება და არა მხოლოდ ქრისტეს აღდგომის შესახებ სწავლებას.

არქიმანდრიტ რაფაელის ღვთისმეტყველების მისამართით კრიტიკული სტატიებისთვის „ცილისწამების“ წოდება იგივეა, რაც იმის თქმა, რომ მ. რაფაელი არაფერში ცდება, რადგან სტატიის ავტორი მისი ცდომილებების შესახებ ფიქრის საბაბსაც კი არ იძლევა. თუ ცდებოდნენ წმინდა მამები, რომლებიც ღვთისმეტყველებაში ძლიერნი იყვნენ, ნუთუ არქიმანდრიტი რაფაელი ვერ შეცდება? რა თქმა უნდა, ის ცდება და ძალიან ხშირადაც. კრიტიკა აუცილებელია და თუ ის ორმხრივია, მისი სწორი აღქმა და გადმოცემა საზოგადოების სულიერ გაჯანსაღებას ემსახურება; ხოლო თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ის სულიერად ჯანსაღია, მას კარგად პასუხობს პავლე მოციქული: „ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10, 12).

სტატიის ავტორს არქიმანდრიტის მისამართით ჩვენი კრიტიკა ყურადღებით რომ გაეანალიზებინა, გაიგებდა, რომ ჩვენ მიზანმიმართულათ მის მიერ ნესტორიანობისა და მონოფიზიტობის მცდარ გაგებას ვაკრიტიკებთ და აქცენტს ამაზე ვსამთ, და არა გამოსყიდვის საკითხითზე. ჩვენი ავტორის გაკვირვებას იწვევს ის, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ის მხოლოდ სწრაფი პასუხის გაცემას ცდილობს და ამ დროს ჩვენი სტატიის კრიტიკის არსს ყურადღებას არ აქცევს. ჩვენი სტატიები არქიმანდრიტის მცდარ საღვთისმეტყველო აზრებზეა ორიენტირებული, რაც სრულიად ნორმალური და მისაღებია; მაგრამ რა სიყვარულს გვახსენებს სტატიის ავტორის (?), როცა ის არქიმანდრიტის სტატიების მიუღებელ ტონზე დუმს; ამ უკანასკნელის სტატიები მის მიერ გაკრიტიკებული ჩვენი დროის აპოლოგეტებისა და ღვთისმეტყველების მიმართ ქედმაღლობის, ირონიისა და უპატივცემლობის სულით არის გაჟღენთილი. აქ სახეზეა აშკარა ორმაგი სტანდარტები. ამ შემთხვევაში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის მცნება (ლუკა. 6, 41).

ჩვენ საკუთარ ცოდნას კი არ წარმოვაჩენთ, როგორც ეს ავტორს უყურადღებობით ეჩვენება, არამედ პატივცემული არქმინადრიტის მიერ მონოფიზიტობისა და ნესტორიანობის არსის არცოდნას, რაც წმინდა მამებისა და თავად არამართლმადიდებლური წყაროების (რომლებზეც ჩვენი ავტორი ჯიუტად დუმს) მეშვეობით დავამტკიცეთ. თუ ღვთისმეტყველმა ამა თუ იმ არამართლმადიდებლური სწავლების არსი არ იცის, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისა და წერილის სიტყვების (რომ. 2, 24) დარღვევის თავიდან არიდების მიზნით ჯობია მას სულ არ შეეხოს. ჩვენი ავტორი ტერმინ „მოდერნიზმსაც“ დამახინჯებულად იყენებს, რადგან მისი სიტყვებიდან შეგვიძლია იმ აზრის გამოტანა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავში ჩაკეტილი, დროში გაყინული, მკვდარი და უსულო საზოგადოება/ორგანიზმია, რომელიც არ ვითარდება. როგორც ჩანს, მას ღვთის ეკლესია ასეთი სახით წარმოუდგენია. არ ესმის ან არ იცის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ღვთივკაცობრივი ორგანიზმია და რომ ის დროში არსებობს და დროშივე ვითარდება, რადგან: „სულს, სადაც სურს, იქ სუნთქავს“ (იოანე. 3, 8). ეკლესიას სული წმიდა უძღვება: „ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს“ (რომ. 8, 14). ღვთის სულის წინამძღვრობა გამოიხატებოდა, მაგალითად, წმინდა მამების მიერ ლიტურგიის გაფართოებაში, ლიტურგიული ლოცვების მომრავლებაში ან საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ისეთი ფილოსოფიური ტერმინების შემოტანაში, როგორიც არის „ერთარსი“ („ὁμοούσιος“ – I მსოფლიო კრებაზე, 325 წ.), რომლებიც წმინდა წერილში არ გვხვდება, და სხვა ცვლილებებში. იმ დროს ეს საეკლესიო შემოღებები მისი ზოგიერთი წევრისთვის სიახლეს წარმოადგენდა (ანუ, როგორც დღევანდელი უკიდურესი მოშურნეები იტყოდნენ – „მოდერნიზმით“). მაგალითად, ასე მოხდა ტერმინ „ὁμοούσιος“–თან დაკავშირებით. ზუსტად ამ მიზეზით, ნიკეაში, I მსოფლიო კრების შემდეგ გამოჩნდნენ ე.წ. „კონსერვატორები“, რომლებიც (მათი აზრით) „სიახლეებს“ აკრიტიკებდნენ და მსოფლიო კრების დოგმატს უარყოფდნენ. თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ისინი ცდებოდნენ, მაგრამ ისეთი ფილოსოფიურად განათლებული წმინდა მამების ძალისხმევით, როგორებიც იყვნენ დიდი კაპადოკიელები ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი (+ IV საუკუნის მეორე ნახევარი) და წმ. ათანასე დიდი (+373) ეკლესიამ ამ „კონსერვატორებს“ პასუხი გასცა და ყოველთვის გასცემს, რადგან: „ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათე. 16, 18); ამიტომ, როგორც ტერმინი „მოდერნიზმი“, ისე სტატიის ავტორის მიერ მისი დამახინჯებული გაგება მხოლოდ ჩვენი „კონსერვატორი“ ავტორის და მისი მსგავსი „კონსერვატორების“ ჯგუფის მემკვიდრეობაში დარჩება; ჩვენ კი იმ სულის, პრაქტიკისა და ტრადიციის ერთგულნი ვრჩებით, რომელსაც ყოველთვის შემოჰქონდა ეკლესიაში „სიახლეები“, რომლებიც ეკლესიის საღვთისმეტყველო აზრის არსსა და მის ლიტურგიულ ცხოვრებას პასუხობდა.

ჩვენი ავტორი, არქიმანდრიტ რაფაელის მცდარი შეხედულებების დაცვისას, წერს, რომ: „სტატიის ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ განსხვავება ჩვენსა და მონოფიზიტებს შორის მხოლოდ „ქრისტოლოგიის”, უფრო ზუსტად კი ტერმინის – „ბუნება” და „იპოსტასის” გაგებაში და ა.შ“.
აქ ისევ ავტორი ჩვეულ უყურადღებობას ვხედავთ; ის ვერ ხვდება, რომ ჩვენს სტატიაში მართლმადიდებლების, მონოფიზიტებისა და ნესტორიანელებისგან განსხვავებას ვაჩვენებთ, როგორც ტერმინოლოგიაში, ისევე ტერმინების არსშიც; ზუსტად ამიტომ შევადარეთ სევირ ანტიოქიელის ღვთისმეტყველება წმ. კირილე ალექსანდრიელის აზრებს (სხვა სახის განსხვავებებზე ჩვენსა და ანტიქალკედონიტებს შორის ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ქრისტოლოგიის თემაზე ვწერთ). მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ოპონენტის მოსმენის სურვილი არ არსებობს, ყოველთვის მონოლოგამდე მიდიხარ.

ავტორი განაგრძობს: „შემდეგ ამბობენ, რომ  მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანების მიზნით ურთიერთობას განაგრძობს აღმოსავლეთის ასურელ ეკლესიასთან (ისევე როგორც ანტიქალკედონურ ეკლესიებთან), რომ ჯერ კიდევ გასარკვევია როგორ გვესმის ჩვენ და მათ ქრისტოლოგიური ტერმინების აზრი, რაც მომავალში ქრისტიანობის ერთობას მნიშვნელოვნად დაეხმარება; „ჩვენ მშვიდობასა და ერთობას ვეძებთ, რადგან მშვიდობისა და ერთობისკენ მოგვიწოდებს უფალი (იონ. 17, 21-22)” – ამბობენ ისინი. აქ პატივცემულებმა ჩამოიხსნეს „ორთოდოქსის” ნიღაბი და აშკარად წარმოაჩინეს თავიანთი სახე“.
მსგავსი რამ რომ არ ვწეროთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ეკლესიის ისტორიაში, რაც ჩვენს ავტორს, ნაჩქარევი პასუხის გაცემის მცდელობის გამო, ხშირად ავიწყდება. გავიხსენოთ, რა მოხდა (არიანელების წინააღმდეგ მოწვეულ) I მსოფლიო კრებაზე (325 წ.) მამისა და ძის ერთარსების დოგმატის დამტკიცების შემდეგ? – განა ყველამ უყოყმანოდ მიიღო მსოფლიო კრების დოგმატი ტერმინით „ერთარსი“? – არა. მეტიც, აღნიშნული ტერმინი მომდევნო წლებში საეკლესიო კრებებზე განიმარტებოდა. რატომ? იმიტომ რომ, ამ ტერმინის გამო ეკლესიაში დაახლოებით სამოცი წლის მანძილზე განხეთქილებები ხდებოდა და ასე გაგრძელდა, სანამ 381 წელს II მსოფლიო კრებამ არ გადაწყვიტა ყველა პრობლემა. მოვიყვანოთ მონოფიზიტების მაგალითი. ნუთუ ბიზანტიელებმა, ერთხელ განიხილეს რა მონოფიზიტობის საკითხი კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე (448 წ.), მეორედ, 451 წლის მსოფლიო კრებაზე მონოფიზიტური სწავლებისას თავიდანვე ვერ გაიგეს, რომ მათთან (მონოფიზიტებთან) საუბარს აზრი არ აქვს? ბიზანტიელებს რომ ჩვენი „კონსერვატორი“ ავტორის მსგავსად ეფიქრათ, ეკლესია თავის თავში ჩაიკეტებოდა და ამით ქრისტეს მცნება დაირღვეოდა (მათე. 28, 19-20). ამიტომ, მონოფიზიტებთან მოლაპარაკებები, მათი ტერმინოლოგიის არსის განმარტებისა და გაგების მცდელობით, VI, VII და მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდებოდა და ზუსტად ამიტომ ხერხდებოდა მთელი ოლქების მართლმადიდებლობაში დაბურნება; და ეს ყოველივე ხდებოდა ტერმინოლოგიისა და მისი სწორი არსის განმარტების ხარჯზე – ასე არწმუნებდნენ მონოფიზიტებს ქალკედონის კრების (451 წ.) შემდეგ.

ჩვენი ავტორის შემდგომი ოპუსის დაწვრილებით კომენტირებას აღარ დავიწყებთ, რადგან შემდეგ ცნობილი ღვთისმეტყველების აზრების ბანალურ გამეორებას ვკითხულობთ, რასაც ახალი არაფერი შემოაქვს ჩვენს საკითხში, არამედ, პირიქით – ღვთისმეტყველების მხრივ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რასაც ჩვენი ავტორის სტატიის დონე ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველოდან სხვათა აზრების გამეორებამდე დაჰყავს. ჩვენსა და მონოფიზიტებსა და ნესტორიანელებს შორის განსხვავების არსი კრიტიკულ სტატიაში მოკლედ იქნა გადმოცემული, რაზეც, სამწუხაროდ, ჩვენ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუმცა, ჩვენი ავტორისადმი რამოდენიმე შენიშვნას გამოვთქვავთ:

ავტორი წერს: „ერთი რამ უდავო ფაქტია: სომხურმა მონოფიზიტობამ უარყო IV, V, VI, VII მსოფლიო კრებები. ეს დაადასტურა სომხეთში ვანკარშაპატში (491 წ) და დვინაში (527 წ) შემდგარმა ეპისკოპოსთა კრებებმა“. ჩვენი ავტორი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება: რა თქმა უნდა, სომხური ეკლესია ამ კრებებს უარყოფს, მაგრამ გაუგებარია, როგორ „ადასტურებენ“ V და VI საუკუნის სომხური ეკლესიის კრებები მის მიერ ორი მსოფლიო კრების უარყოფას, რომლებიც, ანუ VII (VI მსოფლიო კრება 681 წელს) და VIII საუკუნეში (VI მსოფლიო 787 წელს), აღნიშნული სომხური კრებების შემდეგ ჩატარდა? ეს გაუგებარია. სახეზეა ანაქრონიზმი და ავტორის მიერ სომხური ეკლესიის ისტორიის არცოდნა. ჩვენმა ავტორმა უნდა აგვიხსნას, რომელი სომხური წყარო გვამცნობს, რომ 527 წელს დვინში კრება ჩატარდა? საერთოდ, ამ წელს ჩატარდა? ავტორმა, ასევე, უნდა გვიპასუხოს, რომელ სომხურ წყაროში წერია, რომ 491 წლის კრება ვაგარშაპატში ჩატარდა? ადასტურებენ თუ არა ამას ძველი სომხური წყაროები? თუ ადასტურებენ, კერძოდ, რომელი სომხური წყაროები? არ შეიძლება დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება. თუ ჩვენს ავტორს ეკლესიის ისტორიის ცოდნაზე აქვს პრეტენზია, ის ზნეობრივად ვალდებულია ოპონენტს ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხები გასცეს. ჩვენ პასუხებს მოუთმენლად ველით.

შემდეგ, ავტორი კვლავაც საკმაოდ სუბიექტურია, რადგან მან არ იცის, ან არ სურს აჩვენოს, რომ VI და VII საუკუნეებში სომხური ეკლესია 451 წლის ქალკიდონის კრებას აღიარებდა სამი კათალიკოსის დროს: იოანე (593-611), ეზრასი (630-641) და ნერსესი (641-661). საქმე იმაშია, რომ VII საუკუნის მეორე ნახევრის მიწურულს სომხური ეკლესიის მონოფიზიტური ფრთა ამავე ეკლესიის მართლმადიდებლურ ფრთას ებრძოდა; 726 წელს მონოფიზიტობამ საბოლოოდ გაიმარჯვა მანაზკერტში გამართულ კრებაზე. მაგრამ ჩვენი ავტორი ამ ყოველივეს ბოლომდე რატომღაც არ ამხელს (არადა, ამას საკითხის ობიექტურობა მოითხოვს). ის წერს: „სომხებს შორის იყვნენ ქალკედონის მსოფლიო კრებების მომხრენი, მაგალითად, კათოლიკოსი იოანე მანდაკუნი (478-490 წ)“. კათალიკოსი იოანე მანდაკუნი, პირიქით, მონოფიზიტი იყო და ქალკედონის კრებას არ აღიარებდა, რაზეც მიქაელ ასურელი წერს [3]; კერძოდ, მიქაელი წერს, რომ იოანე მანდაკუნის დროს „ქალკიდონში კრება შედგა, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა“; ანუ მიქაელ ასურელი, როგორც ასურელი მონოფიზიტი, იოანე მანდაკუნის მონოფიზიტობას ადასტურებს, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში ცდება. არც ერთი სომხური ცნობა იოანე მანდაკუნის მართლმადიდებლობას („ქალკედონიტობას“) არ ადასტურებს. ჩვენი ავტორი აგრძელებს: „მოდერნისტები მონოფიზიტობისა და ნესტორიანელობის განსაზღვრისას ყველანაირად ცდილობენ არ გამოიყენონ სიტყვა „ერესი”, „მწვალებლობა”. არადა „ერესი არ არის სალანძღავი სიტყვა, – ამბობს წმ. ათანასე დიდი, – ის საეკლესიო ტერმინია, რომელიც გულისხმობს დოგმატური სწავლების დამახინჯებას. ერესი – სიცრუეა ღმერთის შესახებ, ვინაიდან ღმერთი არის ჭეშმარიტება (იონ. 14. 6). ცხონება კი ღმერთთან ერთობას ნიშნავს. შედეგი: ერეტიკოსის ცხონება ისევე შეუძლებელია, როგორც სიცრუის შეერთება ჭეშმარიტებასთან“ – ჩვენ კვლავ გვაკვირვებს ჩვენი კრიტიკული სტატიის მიმართ ჩვენი ავტორის უყურადღებობა, როდესაც ის ობიექტურობას ივიწყებს სწრაფი კრიტიკის სურვილით. ავტორი რო ყურადღებით ყოფილიყო, ის შეამჩნევდა, რომ არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მცდარი აზრების შესახებ ჩვენ კრიტიკულ სტატიაში პირდაპირ ვწერთ, რომ ავტორმა, რომელიც ამა თუ იმ არამართლმადიდებლურ სწავლებებზე წერს: ერესიოლოგიაში კარგად უნდა ერკვეოდეს“. ამით ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს სწავლებები – ერესია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ამის შესახებ წამდაუწუმ ყვირილი.

ავტორი წერს: სწორედ სიცრუის ჭეშმარიტებასთან შეერთების მცდელობაა ზემოაღნიშნული წერილის აფრიალება საზოგადოებაში განსასჯელად. ესეც არახალია ეკლესიის ისტორიაში –  სრულიად მართალია, უადგილო და უზომო „კონსერვატიზმი“ (მაქსიმალიზმამდე მისული) ეკლესიისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ პარალელს IV საუკუნის „კონსერვატორებს“, ნახევრად არიანელების სახით, რომელთაც წმინდა კაპადოკიელები და წმ. ათანასე დიდი ებრძოდნენ, და თანამედროვე „კონსერვატორებს“ შორის გავავლებთ, რომელთაც არ სურთ რა ქრისტოლოგიის არსი  გაიგონ, ბანალური ბრალდებებით კმაყოფილდებიან, რაც მშვიდობასა და ერთობამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. ასეთი „კონსერვატორები“ არც დროის სულისკვეთებას გრძნობენ, რომლის გათვალისწინებასაც ეკლესია გონივრულობის ფარგლებში ყოველთვის ცდილობდა და არც საეკლესიო იკონომია იციან. ეს ყოველივე წმინდა მამებმა იცოდნენ, რომლებმაც IV საუკუნეში თავიანთ თანამედროვე „კონსერვატორებს“ ეს გააგებინეს, რათა საეკლესიო განხეთქილება აერიდებინათ თავიდან. არქიმანდრიტ რაფაელის მცდარი აზრები კი საჯარო კრიტიკას იმსახურებენ, რადგან, ყველაფერთან ერთად, თავად პატივცემული არქიმანდრიტიც საჯაროდ აკრიტიკებს მათ, ვისი ღვთისმეტყველებაც მას არ მოსწონს.

უზომო და მაქსიმალისტურად განწყობილ „კონსერვატორ“ ავტორებს შევახსენებთ, რომ „მშვიდობა და ერთობა“ ბრალდებებითა და „იარლიყების“ ჩამოკიდებით ვერ მიიღწევა. საპირისპირო სწავლების წმინდა მამათა საფუძველზე სწორი გაგებითა და თავად არამართლმადიდებელი თეოლოგების, რომელთა სწავლებაც ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, სწავლების ანალიზის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე კი შესაძლებელია ერთობისა და მშვიდობის მიღწევა, რადგან ამას ჩვენი სინდისი და წერილი ითხოვს: „განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?“ (იოანე. 7, 51). მაგრამ როგორც ვხედავთ ჩვენს „კონსერვატორებს“ ამ ახალაღთქმისეული აზრის არც მოსმენა, არც შესრულება არ სურთ. მსოფლიო კრებების და შემდგომი პერიოდის წმინდა მამები მოწინააღმდეგე მხარის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ და ჩვენი არაზომიერი „კონსერვატორებივით“ ბრალდებებსა და „იარლიყებს“ არ არიგებდნენ, რადგან წმინდა მამებს ესმოდათ, რომ ქრისტოლოგიასა და სხვა საკითხებში არამართლმადიდებელი ქრისტიანების სწავლებები იყო არა სტატიკური, არამედ პროგრესირებადი – იცვლებოდა მათი ტერმინოლოგია და მისი არსის გაგება უფრო „სრულყოფილი“ ხდებოდა. ასევე ვითარდებოდა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ტერმინოლოგია, რაც კარგად ჩანს ლეონტი ბიზანტიელის, წმ. მაქსიმე აღმსარებელის, წმ. გრიგოლ პალამასა და სხვათა ტექსტებიდან. ამიტომ ჩვენს „კონსერვატორებს“ შევახსენებთ, რომ საჭიროა ეკლესიის ისტორიის, ასევე, არამართლმადიდებელი ქრისტიანების საღვთისმეტყველო აზრის განვითარების ისტორიის და მათთან მართლმადიდებელი ქრისტიანების ურთიერთობის უფრო ღრმა შესწავლა. თანამედროვე „კონსერვატორებს“ არ გააჩნიათ ის, რაც წმინდა მამებს გააჩნდათ – ამა თუ იმ სწავლების მიღებამდე ან არ მიღებამდე მისი მოსმენის, გაგების და გააზრების უნარი. დოგმატურ მინიმალიზმამდე მაშინ მიდიან, როდესაც ყოველივე ზემოხსენებულ არ ითვალისწინებენ. ღვთის ეკლესია კომპრომისზე მიდიოდა და იკონომიას იყენებდა ზომიერების ფარგლებში, ბრალდებებში კი – არც სიყვარულია, არც დიდსულოვნება, არც იკონომია და ა.შ., არამედ მხოლოდ დოგმატური მინიმალიზმი, რომელსაც საზოგადოება სულიერ დეგრადაციამდე მიჰყავს.

გრიგორი გრიგოროპულოსი

* * *

[1] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://xareba.net/3684-ra-mizans-isakhavs-arqimandrit-rafaelis-karelini-saghvthismetyvelo-tserilebis-kritika.html

[2] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://gregory-gr.hol.es/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A/

[3] იხ.:  Р. А. Гусейнова. «Краткая история Армении» (Из «Хроники» Михаила Сирийца) // Кавказ и Византия, Вып. 1. Ер. АН АрмССР. 1979; იხ. მე-5 დამატება მიქაელ ასურელის ქრონიკაში:  http://www.vostlit.info/Texts/rus4/Mychel_Syr/framepril5.htm