უნათლავი ჩვილების ხვედრისადმი მიძღვნილ ჩვენს სტატიებში ჩვენ წმინდა მამების აზრი არაერთხელ მოგვიყვანია (და ადგილობრივი კრებების კანონებიც განგვიხილავს) და მივსულვართ აზრამდე, რომ უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის თაობაზე წმინდა მამათა ესა თუ ის განსაზღვრებები, ძირითადად, კერძო საღვთისმეტყველო მოსაზრებას წარმოადგენენ, ზოგიერთი წმინდა მამა კი (მათ შორის მსოფლიო მნიშვნელობის, როგორიცაა მაგ., წმ. გრიგოლ ნოსელი) უნათლავი ჩვილების ცხონებას უშვებენ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხის თაობაზე კრებით გადაწყვეტილებას ან განსაზღვრებას არ იძლევა და ეს გასაგებიცაა, რადგან ცხონება თუ წარწყმედა უზენაესი ღვთის პრეროგატივაა. რაც შეეხება 418 წლის კართაგენის ადგილობრივ კრებას (ზოგჯერ 419 წლით ათარიღებენ) და მის ერთ წესს (№124), რომელიც უნათლავ ჩილთა წარწყმედის მომხრეებს ხშირად მოჰყავთ, ჩვენ ადრეც დაგვიწერია ამის თაობაზე [1] და მისი ტექსტოლოგიური გარჩევაც შეგთავაზეთ და ვაჩვენეთ, რომ აღნიშნული წესის საფუძველზე უნათლავ ჩვილთა წარყწმედაზე საუბარი შეუძლებელია.
ჩვენს მიერ ადრე დაწერილ სტატიას კიდევ ერთ საინტერესო ასპექტს დავუმატებთ, რომელიც კიდევ ერთხელ დაამოწმებს, რომ უნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრის საკითხში მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია არაპრინციპულ პოზიციაზე დგას (ეკლესიას ამ საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ეს საღვთო სოტერიოლოგიის საიდუმლოა), რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, უნათლავი ჩვილების ცხონება (და ცხონების გზები) ან წარწყმედა ღვთის ცოდნისა და ძალის პრეროგატივაა.
ხსენებული კართაგენის კრება 217 ეპისკოპოსისგან შედგებოდა. კრებას რომის პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ: ფაუსტინი, პიკენის ეპისკოპოსი და ფილიპე და აზელი. კრების მოწვევის მიზეზი, უმთავრესად, პაპისადმი მიმართული აპელაცია გახდა, რომლითაც პაპს კართაგენში მსჯავრდებულმა მღვდელმა მიმართა; პაპს ამ მღვდლის დაცვა და გამართლება სურდა. კრებამ განიხილა, ჰქონდა თუ არა უფლება რომის ეპისკოპოსს კართაგენის ეკლესიის გადაწყვეტილებების აპელაციები განეხილა და პაპისადმი წერილში კრებამ ასეთი უფლება არ აღიარა. გარდა ამისა, კრების მამებმა კართაგენის წინა კრებების გადაწყვეტილებები განიხილეს და გადახედეს მათ. წინა ადგილობრივი კრებების კანონებიდან მამებმა 121 წესი დააკანონეს და კიდევ რამოდენიმე ახალიც დაურთეს. ამ ახალ დამატებულ კანონებს შორის 124-ე კანონიც იყო, რომელზეც ზემოთ ვწერდით. ეს წესები მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სამართლის ყველა კრებულში შევიდა.
კანონიკური კრებულების შემდგენლები კართაგენის კრების კანონების სიას სხვადასხვაგვარად აყალიბებდნენ – მათ ტექსტებს ხან აერთიანებდნენ, ხან ყოფდნენ – რის გამოც მათი რიცხვი განსხვავებულია: „ათენის სინტაგმაში“ 133 კანონია, „მწყემსის წიგნში“ – 134, „პიდალიონში“ – 141, „წესთა წიგნში“ – 147, „Codex Canonum vetus ecclesiae Romanae“ კი – 105 კანონს შეიცავს. სლავურ ტერიტორიებზე კართაგენის კრების წესები სხვადასხვაგვარი განმარტებებით გავრცელდა [2]. ჩვენი სტატიის არსი ამ განსხვავებებს კი არა ეხება, არამედ არსი იმაშია, რომ 418 წლის კართაგენის კრებაზე ახალ წესებთან ერთად, რომლებიც ძველ გადამოწმებულ წესებს დაერთო და დამტკიცდა, კიდევ ერთი წესი შემუშავდა. ეს ახალი წესი რიგითობით ამ კრების მესამე კანონს წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ეს მე-3 კანონი, სხვებისგან განსხვავებით, აღმოსავლური კანონიკური კრებულების შემდგენლებმა არ გამოიყენეს და მართლმადიდებელი კრებულების უმეტესებაში არ გვხვდება. ამ კანონის წინამდებარე მე-2 კანონი (რომელიც არის 124 კანონი, ყველაზე გავრცელებული ნუმერაციის თანახმად) ამბობს, რომ ჩვილები ადამისგან ბუნებრივ დაზიანებას იღებენ, მე-3 კანონი კი უნათლავ ჩვილთა ხვედრს პირდაპირ განსაზღვრავს. კანონი ასე ჟღერს:
„Item placuit ut si quis dicit ideo dixisse Dominum : In domo Patris mei mansiones multae sunt, ut intellegatur quia in regno caelorum erit aliquis medius aut ullus alicubi locus ubi beate uiuant paruuli qui sine baptismo ex hac uita migrarunt, sine quo in regnum caelorum quod est uita aeterna intrare non possunt, anathema sit. Nam cum Dominus dicat : Nisi quis renatus fuerit ex aqua et Spiritu [sancto] non intrabit in regnum caelorum, quis catholicus dubitet participem fore diaboli, qui cohaeres esse non meruerit Christi? Qui enim dextera caret, sinistram procul dubio partem incurrit“ [3].
„ასევე დადგინდა: თუ ვინმე ამტკიცებს, რომ უფლის სიტყვები – მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა [იოანე 14, 2], – იმ აზრით უნდა გავიგოთ, რომ ცათა სასუფეველში ან კიდევ სადმე არსებობს რაიმე შუალედური ადგილი, სადაც ამ ქვეყნიდან უნათლავად წასული ჩვილები ვითომცდა ცხოვრობენ ნეტარებაში, რომლის (ნათლობის) გარეშე კი [სინამდვილეში] შეუძლებელია მათი ცათა სასუფეველში შესვლა, ანუ მარადიულ ცხოვრებაში, ანათემას გადაეცეს. ვინაიდან როდესაც უფალი ამბობს: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში [იოანე 3, 5], მაშ რომელი კათოლიკე [ქრისტიანი] დაეჭვდება იმაში, რომ ვინც ქრისტეს თანამემკვიდრე არ გახდება, ის ეშმაკის მოზიარე გახდება? აკი ის, ვინც მარჯვენა მხარეს დგომის პატივს კარგავს, ეჭვგარეშეა, რომ მარცხენა მხარეს ხვდება“.
აღნიშნული კანონი უნათლავ ჩვილებს „ეშმაკის მოზიარე“–ებს უწოდებს და „მარცხენა მხარეს“ აყენებს მათ; ეს მარცხენა მხარე კი ჯოჯოხეთად არის გაგებული, რასაც უნათლავ ჩვილთა ეშმაკთან თანაზიარება მოწმობს; თან „ეჭვგარეშეა“, რომ უნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში ხვდებიან.
კართაგენის ეკლესიამ ეს კანონი (№3), როგორც აღვნიშნეთ, დანარჩენ ახალ კანონებთან ერთად მიიღო და დაამტკიცა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს კანონი არ გვხვდება კანონების ნუსხაში, რომელიც VI მსოფლიო კრების №2 კანონით დამტკიცდა. ხსენებულმა კანონმა კი კართაგენის 418 წლის კრების დადგენილებები დაამტკიცა. წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელი (+896) აღნიშნავს, რომ კართაგენის კრებაზე (ანუ 418 წელს), უნათლავ ჩვილთათვის განკუთვნილ შუალედური (ცათა სასუფეველსა და ჯოჯოხეთს შორის) ადგილის შესახებ აზრი დაიგმო (Bibl. cod. 53) [4]. როგორც წმ. ფოტის მოწმობიდან ჩანს, ეს წესი აღმოსავლეთში ცნობილი იყო, მაგრამ კართაგენის კრებების არა იმ ზოგად ნუსხაში, რომელიც ტრულის კრებამ აღიარა (691-692 წწ.), და ამ კრების წესები კიდე VI მსოფლიო კრების (680-681 წწ.) დოკუმენტებად განიხილება. კართაგენის წესების ბერძნულ ნუსხაში ეს წესი იმიტომ არ შევიდა, რომ ბერძნულ ენაზე ის წმ. დიონისე მცირეს (დაახლ. +544) ლათინური კრებულიდან ითარგმნა და ამ კრებულში კი აღნიშნული წესი უცნობი მიზეზების გამო გამოტოვებულია (იხ.Codex canonum Ecclesiae Africanae. PL. 67. Col. 181-230).
სულაც არ არის გასაკვირი, რომ კართაგენის ამ კანონის რადიკალური პოზიციიდან გამომდინარე აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ის თავისი სამოციქულო ავტორიტეტით არ დაუმოწმებია. გასაგებია, რომ კართაგენის ეკლესიის კანონები პელაგიანელებისა და ცელესტიანელების წინააღმდეგ იყო მიმართული. აღნიშნულ ერეტიკოსებს ადამის ცოდვის თაობაზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ (რა დაიმკვიდრა ან არ დაიმკვიდრა კაცობრიობამ, მათ შორის ჩვილებმა, პირველმშობელთაგან; ეს ერეტიკოსები ჩვილთა ნათლობის აუცილებლობას ან არასაჭიროებას ამ მცდარი წარმოდგენებიდან გამომდინარე ამტკიცებდნენ). ისიც გასაგებია, რომ ეკლესია არავითარი „შუალედური ადგილის“ შესახებ არ ასწავლიდა და არ ასწავლის; ჩვენ მხოლოდ ორი „ადგილი“ ვიცით – ცათა სასუფეველი და ჯოჯოხეთი. მაგრამ, ამავე დროს, კართაგენის ეკლესიის პელაგიანობისა და ცელესტიანელების წინააღმდეგ მიმართული ასეთ უკიდურესი რეაქცია (უნათლავ ჩვილთა ჯოჯოხეთური ხვედრი №3 კანონის შესაბამისად) აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უცხო იყო, რომელმაც დასავლეთის ეკლესიის კანონიკური ნუსხა კართაგენის №3 წესის გარეშე დაამტკიცა. განა არ შეეძლო აღმოსავლეთს ეს კანონი ტრულის კრების შემდეგ მაინც მიეღო? რა თქმა უნდა, შეეძლო, რადგან წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელმა დასავლეთში ასეთ კანონის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ არც მისი განხილვა მიიჩნია საჭიროდ, არც მისი დღის წესრიგში დაყენება. მას, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქს, შეეძლო კონსტანტინოპოლის რომელიმე ადგილობრივ კრებაზე ამ კანონის აღიარება განეხილა, მაგრამ მან ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
ამიტომ, უნდა აღინიშნოს, რომ რათგან კართაგენის ადგილობრივი კრების მე–3 კანონი არ მიიღო მსოფლიო კრებამ, მაშასადამე ეს კანონი არაა სავალდებულო და საყოველთაო მსოფლიო ეკლესიისთვის.
გრიგორი გრიგოროპულოსი
* * *
[2] იხ.: Мошкова Л. В. Толкование 71 правила Карфагенского собора: место написания и проблема датировки // Древняя Русь. Вопросы медиевистики. 2005. № 3 (21). С. 72.
[3] იხ.: Concilia Africae, 345-525 / Ed. C Munier. 1974. P. 70 (Corpus Christianorum Series Latina; 149).
[4] იხ.: А.Кремлевский. История пелагианства. Казань, 1898. С. 117-118.