ე. წ. „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეები (შემდეგი – „მომხრეები“) ხშირად აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლეს ფრაგმენტს ციტირებენ (იგულისხმება ანგლიკანელი ეპისკოპოსებისადმი მიმართული „1723 წლის აღმოსავლელი პატრიარქების ეპისოტელი მართლმადიდებლური რწმენის შესახებ“), იმის საილუსტრაციოდ, რომ ისინი (ანუ მომხრეები) წმინდა მამათა მართლმადიდებლური ტრადიციას არ არღვევენ და ამიტომ აღნიშნულ ტერმინს ჩვილთა ნათლობის მიმართებაში იყენებენ. რა თქმა უნდა, ნათლობა ყველასთვის და მათ შორის ჩვილთათვისაც აუცილებელია და ამას არავინ უარყოფს. მაგრამ მოუნათლავ ჩვილთა (რომელნიც ამა თუ იმ მიზეზთა გამო ვერ მოინათლნენ, რაზეც ჩვენ სტატიის ბოლოს, „დამატებაში“, ვიტყვით) ან დედის მუცელში მომწყდარ ჩვილთა მიმართ ღვთის განგების მითვისება და მათი მარადიულ სასჯელში გაგზავნა, სულ მცირე, ღვთის მსჯავრის მითვისებაა. ღმერთი ყველა ადამიანზე ზრუნავს და ყველას ცხონება სურს (1 ტიმ. 2, 4) და ამიტომაც განკაცდა ღვთის ძე და თავისი თავი „ყოველთა გამოსასყიდად“ (1 ტიმ. 2, 5 -6) მისცა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს თითოეული ადამიანის მიმართ თავისი განგება გააჩნია, რამეთუ ჩვენს თავზე თმის თითოე ღრიც კი დათვლილია (მათე. 10, 30). ღვთის განგების მიუწვდომლობის მიმართ ასეთი ნდობა სამოციქულო ქებას იმსახურებს (რომ. 11, 33-36) [1]. მაგრამ „მომხრეებს“ ჯიუტად მოჰყავთ შემდეგი ამონარიდი აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლედან ქართულ თარგმანში:
„გვწამს, რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება მცნებად მოცემული ჩვენდა უფლის მიერ და აღსრულებული წმინდა სამების სახელით, რამეთუ უიმისოდ ვერავინ ცხონდება, როგორც ამას უფალი ამბოფს (იოანე 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც ჭირდებათ, რათგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას, უნათლავად ვერ მიიღებენ ცოდვათა შენდობას“
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლედან მოცემული ამონარიდი, ისევე, როგორც მთელი ეპისტოლე, უნდა განიხილებოდეს, როგორც არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ზოგად საეკლესიო ხასიათს არ ატარებს და მსოფლიო კრებების დადგენილებებს ვერ გაუტოლდება, თუნდაც ის რომელიმე ადგილობრივ კრებაზე განხილულიყო – ის არ არის დადასტურებული მსოფლიო ეკლესიის მიერ. ეს ეპისტოლე არც რჯულის კანონშიც შედის. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, არ აუქმებს დოკუმენტის ღირსებას და ავტორიტეტულობას მთელ რიგ საღვთისმეტყველო საკითხებთან მიმართებაში, თუმცა რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელია.
აღნიშნული ეპისტოლე 1723 წელს დაიწერა ანგლიკანური ეკლესიის მრევლის იმ ნაწილისათვის, რომელსაც აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაერთიანება სურდა და შესაბამისად მისი აღმსარებლობით იყო დაინტერესებული. ეპისტოლეს საფუძვლად უდევს იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის (+ 1707) აღმსარებლობა, რომელმაც ლათინური ლიტურგიკული და საღვთისმეტყველო გავლენა განიცადა. დროთა განმავლობაში „აღმსარებლობა“ შერბილდა და აშკარა ლათინიზმებისგან გაიწმინდა [2]. „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეებმა, რომლებიც ეპისტოლეს ასე ხშირად უთითებენ, როგორც ჩანს, არ იციან, რომ ამ ეპისტოლეში აღმოსავლელი პატრიარქები „პირველქმნილ ცოდვას“ არ ახსენებენ. ამის გასაგებად საკმარისია ეპისტოლეს ბერძნული ტექსტის წაკითხვა, სადაც „αρχεγόνω αμαρτία“ ერთადერთხელ არის ნახსენები (ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში), ხოლო „πρωτογενής αμαρτία“, ანუ „პირველქმნილი ცოდვა“ საერთოდ არ იხსენიება. არ არის „პირველქმნილი ცოდვა“ და შესაბამისად არც მისი იმგვარი გაგება, რომელსაც ამ ტერმინს თავად „მომხრეები“, ნეტარი ავგუსტინეს მოშურნე თაყვანისმცემლები, ანიჭებენ.
ნეტარი ავგუსტინეს მიერ პირველმშობელთა პირველი ცოდვის მცდარი გაგების შესახებ ჩვენს წინა ორ სტატიაში ვისაუბრეთ [3]. იქვე, შედარებითი ღვთისმეტყველების შუქზე ავგუსტინეს „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეების შეხედულებებსა და აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამების შეხედულებებს შორის სხვაობა ვაჩვენეთ. აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლეს ბერძნული ტექსტი ბერძენ მეცნიერს, პროფ. იოანე კარმირისს მოჰყავს თავისი ნაშორმის 759 გვერდზე [4]: აღმოსავლელი პატრიარქები „αρχεγόνω αμαρτία“ ახსენებენ, რაც სიტყვასიტყვით „საწყისმშობლიურ ცოდვას“ ნიშნავს: „Και δια τούτο εστιν αναγκαίον και τοις νηπίοις, επείδη κακείνα υποκείνται τη αρχεγόνω αμάρτια…“ – „და ამიტომ ის (ნათლობა) ჩვილთათვისაც აუცილებელია, რადგან საწყისმშობლიურ ცოდვას ისინიც ექვემდებარებიან“ – იმ გაგებით, რომ ეს უკვე ადამის ბუნებაა დაცემულ მდგომარეობაში, რომლიდანაც მთელი ჩვენი მოდგმა იწყება, ანუ ეს არის უკვე ცოდვით დაზიანებული კაცობრივი მოდგმის დასაწყისი, ცოდვის შედეგად კი სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (რომ. 5, 12). აღნიშნულის თაობაზე ჩვენ დაწვრილებით ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდით [5].
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი არასავალდებულო, თუმცა კი მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოყვანა მისი ორიგინალური ტექსტის შემოწმების გარეშე, მითუმეტეს, პოლემიკური მიზნით, ტენდენციური და არაობიექტურია. „მომხრეებს“ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან, როგორიც არის აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლე, მუშაობისას უყურადღებობასა და დაუდევრობისთვის არ განვსჯით. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ მათ ბერძნული ორიგინალის რუსული თარგმანი თარგმნეს და რუსულ თარგმანში იგივე შეცდომაა დაშვებული, რაც ქართულში: ბერძნული ტექსტის „αρχεγώνω αμαρτία“ ნათარგმნია არა როგორც „საწყისმშობლიური ცოდვა“ (რაც ავგუსტინისეულ აზრობრივ დატვირთვას აუქმებს), არამედ როგორც „პირველქმნილი ცოდვა“ (რუს. „первородный грех“) [6].
დასკვნის სახით დავწერთ, რომ:
- აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ ის არ წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტს და შესაბამისად, არ არის სავალდებულო, რადგან კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსის შეხედულებას არ ასახავს;
- ეპისტოლეში „პირველქმნილი ცოდვის“ ცნება არ იხსენიება;
ამიტომ, საზოგადოებაში უხერხულად რომ არ გამოჩნდნენ, ჩვენ „მომხრეებს“ ვურჩევთ, ყველა ამგვარი დოკუმენტის თარგმანის სიზუსტე შეამოწმონ. ამას სინდისი და ელემენტარული ობიექტურობა ითხოვს. ხოლო ადგილობრივ და-ეკლესიებთან (მაგ., ბერძნულ სამყაროში) ამა თუ იმ საკითხებში თანხმობის მიღწევის მიზნით, ზოგჯერ უნდა დავინტერესდეთ, რა დადგენილებებს იღებენ ჩვენი ერთმორწმუნენი სხვა სახელმწიფოებში. ამგვარი ელემენტარული ინტერესი ერთობის განმტკიცების მაჩვენებელი და მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნამდვილი (და არა მხოლოდ ფორმალური) ერთობის ნიშანი იქნება.
დამატება
იხ. http://www.orthmad.gr/faq/επιτρέπεται-να-γίνεται-ακολουθία-σε-αβάπτιστα-νήπια
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2001 წლის 3 ივლისის დადგენილებით დაშვებულია უნათლავი ჩვილებისთვის წესის აგება, თუ მართლმადიდებელმა მშობლებმა ვერ მოასწრეს საიდუმლოების აღსრულება. იხ.: αριθμ. Πρωτ. 2505/1096/3-7-2001 (სინოდის სხდომის პროტოკოლის ნომერი) Εκκλησία της Ελλάδος κατέληξε να αποδεχθεί την εκκλησιαστική ταφή των αβαπτίστων βρεφών και για τους εξής λόγους:
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება შემდეგი მიზეზების გამო მიიღო:
- „ჩვილთა პირადი უცოდველობა, ბოროტების ჩადენისადმი ვნების გაგებით, წმ. გრიგოლ ნოსელის თანახმად; ამიტომ, სასჯელის სახით მათთვის სულის მოსახსენებელი ლოცვების წაკითხვის აკრძალვა, – მიუღებელია“ [7];
- „მოუნათლავი ჩვილების ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვის დღემდე შემორჩენილი პრაქტიკა, რომელიც გამოხატავს იმის რწმენას, რომ ისინიც ღვთის საფარველ ქვეშ იმყოფებიან“ [8]
- „ეკლესიის მიერ დღემდე მიღებული გამოცდილება, რომ საეკლესიო დაკრძალვის აკრძალვა ხალხში წეს აუგებელი ჩვილების საიქიო ხვედრთან დაკავშირებულ მრავალ ცრუ რწმენას იწვევს“;
- „გაურკვეველი მდგომარეობების გამო, რომელთაგან ერთ-ერთია მოუნათლავი ჩვილების ცხონების საკითხი, – ეკლესიის კაცთმოყვარეობამ სძლო, რომელიც საეკლესიო დაკრძალვის უარყოფასა და ამით გამოწვეულ სკანდალებსა და მორწმუნეთა ცდუნებას სძლევს; განსაკუთრებით, იმ ფართო რეზონანსის გათვალისწინებით, რომელსაც, ბოლო დროს, ასეთი შემთხვევები იწვევს“ [9].
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ზემოხსენებული დადგენილება მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნულ საკითხში ელადის მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანხმობაში იქნება.
დავამატებთ, რომ სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ 1723 წლის აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლე XVIII საუკუნეში კათოლიკე მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო თავისი მთელი სისავსით და ის დღემდე არ არის მიღებული, რადგან აღნიშნული ეპისტოლე მოუნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის საკითხში ეკლესიის წმინდა მამებისა და მოძღვრების, როგორებიც არიან, მაგალითად, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომლებიც მოუნათლავ ჩვილებს საიქიო ხვედრად „მარადიულ სასჯელს“ [10] არ განუწესებენ, აზრთან თანხმობაში არ არის. კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამებისა და მოძღვრების აზრს ყოველთვის უწევდა ანგარიშს და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის (2001 წლის 3 ივლისი) მამებიც ამგვარი დამოკიდებულებით ხელმძღვანელობდნენ. ხსენებული პროტოკოლის პირველი პუნქტში წმ. გრიგოლ ნოსელი ზუსტად ამ მიზეზით მოიხსენიეს.
გრიგორი გრიგოროპულოსი
* * *
[1] რაც შეეხება იოანე. 3, 3-ში ან მარკ. 16, 15-16-ში მოყვანილ გამონათქვამებს, ისინი, ისევე როგორც წმინდა წერილის სხვა მუხლები, მაცხოვრის მთელი ახალ აღთქმისეული ქადაგების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
[2] ამ და მსგავსი შემდგომი დოკუმენტების, ე. წ. „სიმბოლური წიგნების“, გარჩევა იხ.: Архиепископ Василий (Кривошеин). Символические тексты в Православной Церкви. Богословские труды. Сб.4. М., 1968.
[3] იხ. პუბლიკაციების მუდმივი მისამართები: http://gregory-gr.hol.es/კაცობრიობის-მიერ-ადამის/ და http://gregory-gr.hol.es/საუბრობდა-თუ-არა-წმ-იოანე/
[4] იხ. Τα δογματικά και συμβολικά μνηνεία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας υπό Ιωάννου Καρμίρη. Τόμος II. ΕΝ ΑΘΗΝΑΙΣ 1953.
[5] იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://gregory-gr.hol.es/კაცობრიობის-მიერ-ადამის/
[6] იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/pravila/1723/
[7] წმ. ბასილი დიდის ძმა წმ. გრიგოლ ნოსელი სპეციალურ ნაშრომში სახელწოდებით „ნაადრევად მომწყდარ ჩვილთათვის“ პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვილებს, რომელთა არავითარი ბოროტება არ ჩაუდენიათ, არაფერი უშლით ხელს, ღვთის ნათელს ეზიარონ: „ჩვილი, გამოუცდელი ბოროტისაგან, ვინაიდან მის სულიერ ხედვას არანაირი ავადმყოფობა არ ეღობება იმისათვის, რომ იყოს ნათლის თანაზიარი, ის იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და არ ესაჭიროება განწმენდა სულირერი ჯანმრთელობის აღდგენაში, რადგან დასაწყისშივე არ შეუშვია სულში ავადმყოფობა“ (Твор. Св. Григория Нисского. Ч.4. М., 1862. С. 345). ანუ სულში სენის შემოშვება ან არ შემოშვება უკვე ნების სფეროა. ჩვილი კი, თუნდაც ცოდვილი ბუნების ზიარი იბადება, როგორც ადამის ყველა შთამომავალი, თავისი ნებით ჯერ არ მონაწილეობს ძველი ბუნების მიდრეკილებაში.
[8] იგულისხმება ძველი ბერძნული პრაქტიკა – მოუნათლავი ჩვილების ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა.
[9] „გაურკვეველი მდგომარეობების გამო, რომელთაგან ერთ-ერთია მოუნათლავი ჩვილების ცხონების საკითხი, – ეკლესიის კაცთმოყვარეობამ სძლო“ – ამით ბერძნული სინოდის მამებმა გამოთქვეს აზრი, რომ გარდაცვლილი მოუნათლავი ჩვილების მდგომარეობის თაობაზე ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს და ამიტომ (რადგან ეკლესიის კაცთმოყვარეობა სძლევს) ელადის მართლმადიდებელი სინოდის ეკლესიამ მოუნათლავი ჩვილებისთვის წესის აგების დადგენილება გამოსცა.
[10] აღმოსავლელი პატრიარქების ეპისტოლეში მოუნათლავი ჩვილების შესახებ მისი ავტორების „პროდასავლური“ ორიენტაცია გასაკვირია; ავტორებს ავტორიტეტულ მაგალითად არც წმ. გრიგოლ ნოსელი ან წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ან სხვა აღმოსავლელი მამის ნაცვლად, ნეტარი ავგუსტინე მოჰყავთ, რომელიც რიგ საკითხებში თავისი რადიკალიზმით არის ცნობილი. ასევე ყველაზე საინტერესოა: ეპისტოლეს ავტორები ანგლიკანებს „ქრისტეს წმინდა აღმოსავლური ეკლესიის“ წევრებივით წერენ და სწავლებას ამ აღმოსავლური ეკლესიის წევრებივით გადმოსცემენ, თავის აზრს კი ნეტარი ავგუსტინეს, ანუ დასავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველის, მიხედვით ამტკიცებენ. აღმოსავლელი პატრიარქების მიერ თავისი რწმენის დასავლელი მამის საფუძველზე გადმოცემა სერიოზულ ურთიერთწინააღმდეგობას შეიცავს. ნუთუ ერთი აღმოსავლელი წმინდა მამა მაინც არ მოიძებნა, რომელზე დაყრდნობითაც აღმოსავლელი პატრიარქები აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებას გადმოსცემდნენ? ეს კითხვა მრავალ სხვა კითხვასაც ბადებს, რომლებსაც „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეებმა პასუხი უნდა გასცენ.