You are currently viewing საუბრობს თუ არა კართაგენის კრების 124-ე კანონი „პირველქმნილ ცოდვაზე“?
Chi-Rho with Alpha/Omega. Mosaic. Mausoleum of Galla Placidia. Ravenna, Italy. 5C.

საუბრობს თუ არა კართაგენის კრების 124-ე კანონი „პირველქმნილ ცოდვაზე“?

  • Post author:
  • Post category:Blog

ჩვენ ვაგრძელებთ სტატიების სერიას, რომელიც ლათინური ტერმინ – „პირველქმნილი ცოდვის“ [1] გაგებას ეძღვნება. ე. წ. „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეები, სხვა ისტორიულ ტექსტებთან ერთად, კართაგენის ადგილობრივი კრების 418 წ. (419 წ.) 124-ე კანონსაც ეყრდნობიან. აღნიშნული კანონი მე-VI მსოფლიო კრების (681 წ.) მე-2 კანონით დამტკიცდა. კართაგენის კანონი ამტკიცებს:

„განსაზღვრულია აგრეთვე: ვინც მცირეწლოვანი და დედის საშოსგან შობილი ბავშვების ნათლობის საჭიროებას უარყოფს და ამბობს, რომ თუმცა ისინი კი ცოდვების მიტევებისათვის ინათლებიან, მაგრამ პირველმშობელთა, ადამის ცოდვისაგან (το Ἀδάμ ἕλκειν προγονικῆς ἁμαρτίας) არაფერს იმკვიდრებენ ისეთს, რაც აღორძინების საბანელით უნდა განიწმინდოს (καθαρθῆναι) (საიდანაც გამომდინარეობს, რომ ცოდვების მიტევებისათვის ნათლობის სახე მათ მიმართ არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ მნიშვნელობით გამოიყენება), მათ ანათემა. რამეთუ, მოციქულის მიერ ნათქვამი: „ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა“ (რომ. 5, 12) უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს ყოველთვის ესმოდა ყველგან განვრცობილსა და განფენილ კათოლიკე ეკლესიას. რამეთუ, სარწმუნოების ამ წესის თანახმად ჩვილები, რომლებიც თავად ჯერ კიდევ ცოდვებს ვერ იდენენ, ჭეშმარიტად ინათლებიან ცოდვათა მიტევებისათვის, რათა ახალი შობით განიწმინდოს (καθαρθ) მათში ის, რაც ძველი შობისგან დაიმკვიდრეს“.

თუ ამ კანონს ყურადღებით წავიკითხავთ, თვალნათლივ დავინახავთ მიზანს, რომელსაც ის თავისი ძირითადი აზრით ისახავს: ეს არის ანათემა მათ, რომლებიც ჩვილთა ნათლობის საჭიროებას უარყოფს და ვინც ამბობს, რომ ჩვილები დაბადებისას პირველმშობელთა ცოდვისგან წარმოქმნილ ბუნბერივ დაზიანებას არ იმკვიდრებენ. დღეს არავინ უარყოფს არც ნათლობის ამ საჭიროებას, არც იმას, რომ ჩვილები ბუნების დაზიანებას იმკვიდრებენ. კანონი იქვე გულისხმობს, რომ ჩვილები „პირველმშობელთა, ადამის ცოდვისგან“ იმ დაზიანებას იმკვიდრებენ, რომელიც განწმენდას (καθαρθῆναι) საჭიროებს. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ კანონის ბერძნულ ორიგინალში წერია ზუსტად ის ტერმინი, რომელსაც აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები ადამისა და ევას პირველი ცოდვის განსაზღვრისთვის იყენებდნენ – „προγονικος ἁμαρτία“, ანუ „პირველმშობელთა ცოდვა“ (ან „წინაპართა ცოდვა“). ამ ტერმინს იყენებს, მაგ., წმ. მაქსიმე აღმსარებელი (+ 662): Τῆς μὲν γὰρ προγονικῆς ἁμαρτίας δι το ἁγίου βοπτίσματος ἐλευθερώθημεν…“ – „რამეთუ პირველმშობელთა (წინაპართა) ცოდვისგან ვთავისუფლდებით წმინდა ნათლისღების მიერ“ [2]. ამგვარად, კანონის ტექსტში „პირველქმნილი ცოდვის“ შესახებ არანაირ ხსენებას არ ვხვდებით, რომელსაც პირველმშობელთა/წინაპართა პირველ ცოდვასთან მიმართებაში თავისი გარკვეული გაგება გააჩნია; აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამებს პირველმშობელთა პირველი ცოდვა სრულიად სხვაგვარად ესმოდათ, რაც ჩვენს წინა სტატიებში არაერთხელ ვაჩვენეთ. კართაგენის კანონში ნათქვამია, რომ ჩვილებს პირადი ცოდვები არ აკისრიათ, მაგრამ ცოდვების მისატავებლად ინათლებიან და აქვე ვხედავთ ამ აზრის დაზუსტებას, ანუ რომ ახალი შობის მეშვეობით „განიწმინდოს მათში ის, რაც ძველი შობისგან დაიმკვიდრეს“. ბერძნული ტექსტის შესაბამის ადგილას გამოიყენება სიტყვა „καθαρός“, რომელიც „განწმენდას“ ნიშნავს; ანუ, ცოდვების მიტევება იმ ბუნებრივი დაზიანებისგან „განწმენდაშიმდგომარეობს, რომელსაც ჩვილები „პირველმშობელთა, ადამის ცოდვისგან“ იმკვიდრებენ. აღნიშნული ტერმინი კანონში ორჯერ გამოიყენება – კანონის ტექსტის თავსა და ბოლოში. კანონი, ლოგიკურად, ამ „განწმენდით“, როგორც მისი შემაჯამებელი აზრით, სრულდება.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს აღნიშნული კანონის შედგენისას აზრის თანმიმდევრულობა და 1) ცოდვების მიტევების კავშირი იმასთან, თუ 2) კერძოდ, რა დაიმკვიდრეს ჩვილებმა დაცემული პირველმშობლებისგან:

  • ცოდვების მიტევებაზე საუბრისას წმინდა მამები „ცოდვების“ – „ἁμαρτιῶν“ მრავლობით რიცხვს იყენებენ, ანუ ამით ეუბნებიან მკითხველს, რომ საუბარია არა პირველმშობელთა რომელიმე პირად ცოდვაზე (თანაც, მხოლობით რიცხვში) (რომელიც, ტექსტიდან გამომდინარე, ჩვილებს არ გადაეცემა), არამედ იმაზე, თუ
  • რა დაიმკვიდრეს ჩვილებმა პირველმშობელთაგან და, შესაბამისად, რაც უნდა განიწმინდოს მათში ნათლობით.

საინტერესოა, რომ კრების მამები არ იძლევიან კონკრეტულ განმარტებას, თუ კონკრეტულად რას იმკვიდრებენ/იღებენ ჩვილები პირველმშობელთაგან (თანაც, მრავლობით რიცხვში) და ეს რაღაც მათში ნათლობით უნდა განიწმინდოს. კრების მამები ადგენენ კანონს, მაგრამ განმარტებას/დაკონკრეტებას არ იძლევიან, რაც მეტყველებს, რომ მათთვის [ისედაც] გასაგები იყო, თუ რა გადმოეცემათ ჩვილებს დაცემული პირველმშობლებისგან. ამასთან, წმინდა მამები განმარტავენ, რომ ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათ. წმინდა მამები იმ ტერმინოლოგიასა და გაგებას იყენებენ, რომელიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთში და რომელსაც განსაზღვრული (აღმოსავლური) გაგება გააჩნდა – ასეთი ტერმინი კი, სახელდობრ, „პირველმშობელთა ცოდვა“ – „προγονικος ἁμαρτία“ იყო. აღნიშნული ტერმინის აღმოსავლური გაგება მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დასავლელ (ლათინ) ღვთისმეტყეველებს „პირველქმნილ ცოდვაში“ ესმოდათ. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ წინა სტატიებში ვწერდით. ზუსტად აღნიშნულ ტერმინს იყენებენ წმინდა მამები კანონის ტექსტის დასაწყისშივე. აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამების, მაგალითად, V საუკუნის ალექსანდრიისა და ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლების საუკეთესო წარმომადგენლების (კართაგენის კრების თანამედროვეების) – წმ. კირილე ალექსანდრიელის (+ 444) და ნეტარი თეოდორიტე კვირელის (დაახლ. + 458) თანახმად ადამისა და ევას შთამომავლები მათგან დაცემულ, ცოდვით დაზიანებულ და ხრწნად ბუნებას იმკვიდრებენ [3] და ამგვარად მათ პირად ცოდვაში კი არ მონაწილეობენ (და არც მათ ბრალს იმკვიდრებენ), არამედ პირველმშობელთა დაცემულსა და ცოდვით დაზიანებულ ბუნებაში თანამონაწილეობენ. წმ. კირილე და ნეტარი თეოდორიტე აღნიშნულის თაობაზე რომ. 5, 12-ის განმარტებებში საუბრობენ (იგივე მუხლი კართაგენის კრების მამებსაც მოჰყავთ). ანუ, კართაგენელ მამებს რომ. 5, 12 ზუსტად ისევე ესმოდათ, როგორც ალექსანდრიასა და ანტიოქიაში – ადამისა და ევას შთამომავლების მიერ ჩვენი ბუნების მემკვიდრეობითი დაზიანების დამკვიდრება, რაც საჭიროებს განწმენდას. ამასთან, კართაგენელი მამები მთელ ეკლესიასთან აზრის ერთობას თავადვე უსმევენ ხაზს, რომ რომ. 5, 12 „უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს ყოველთვის ესმოდა ყველგან განვრცობილსა და განფენილ კათოლიკე ეკლესიას“.

შეგახსენებთ, რომ ანტიოქია და ალექსანდრია, თავისი გამოჩენილი ღვთისმეტყველების სახით, მსოფლიო ეკლესიის ისტორიის იმ პერიოდში საღვთისმეტყველო აზროვნების ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. პირველქმნილი ადამის და ევას შთამომავლები ზუსტად ამ დაცემულ და მრავალი ვნებითი მიდრეკილების მქონე (წყურვილი, შიმშილი, ცოდვისკენ მიდრეკილება, ცოდვილი ქმედითი საწყისი და ა. შ.) ბუნებას იმკვიდრებენ. ამგვარად, აღნიშნულ პირველმშობელთა ცოდვას, რომელიც შთამომავლებს გადაეცემათ, მრავლობითი მნიშვნელობა გააჩნია. აქვე აუცილებელია შეგახსენოთ, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად ცოდვას (ἁμαρτία) ორი გაგება გააჩნია (PG 90 405 CD): ცოდვა, 1) როგორც ადამის პირადი დანაშაული და ცოდვა, 2) როგორც ადამიანური ბუნების გაფუჭება-დაზიანება, რასაც შთამომავლები იმკვიდრებენ აქედან გამომდინარე ვნებით და ხრწნადი ბუნების ყველა შედეგით. ფრიად საინტერესოა, რომ წმ. მაქსიმეს საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის საუკუეთესო სპეციალისტი ჟ. კ. ლარშე წმ. მაქსიმესთან სიტყვა „ცოდვის“ მესამე მნიშვნელობასაც ხედავს. წმ. მაქსიმე ცოდვად მიიჩნევს, აგრეთვე, „ცოდვისადმი მიდრეკილებას, რომელსაც ადამიანი დაბადებისას იმკვიდრებს“ [4]. ამიტომ, ნათლობის საიდუმლოს მიერ ცოდვების მიტევებაში (კართაგენის კანონის თანახმად), – იმის განწმენდაში, რასაც ჩვილები დაცემული პირველმშობლებისგან იღებენ, – კრების მამები ჩვილების ბუნებაში ცოდვის დაზიანების შესუსტებას გულისხმობდნენ, რამდენადაც ისინი ქრისტეს მადლიან სხეულს უერთდებიან. ნათლობაში ქრისტეს ძალა მიენიჭება. ანუ, ცოდვას, ბუნების გაფუჭების გაგებით, მონათლულ ჩვილებზე უკვე ისეთი საყოველთაო ძალაუფლება აღარ გააჩნია, როგორიც მას აქვს მოუნათლავი ჩვილების შემთხვევაში. ამიტომ, ჩვილები, რომლებსაც არანაირი ცოდვის ჩადენა არ შეუძლიათ, იღებენ ნათლობას, რათა აღორძინების მიერ მათში „განიწმინდოს ის, რაც ძველი შობისგან დაიმკვიდრეს“, ანუ ბუნების დაზიანება თავისი მრავალი ცოდვილი გამოვლინებით, რაც პირველი ადამიანების პირადმა ცოდვამ გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეები ყველანაირად ცდილობენ, ადამის ცოდვით დაცემის ბრალი ყველა მის შთამომავალს მიაკუთვნონ და არ ესმით, რომ ადამის დაცემის ცოდვა და ბრალი, როგორც პირადი ქმედება და ზოგადი დაცემული ბუნების კერძო რეალიზაცია შთამომავლებს არ გადაეცემა, რადგან მას მხოლოდ იპოსტასური ხასიათი გააჩნია და მხოლოდ (პირად) გნომიკურ ნებას ეფუძნება. „პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეების გაგება წმინდა წერილსა და აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამებს ეწინააღმდეგება [5]. ცოდვას არ გააჩნია თავისი ბუნება, არ გააჩნია თავისი განკერძოებული ყოფა, ანუ ცოდვა უბუნებოა და ამის თაობაზე აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები ნათლად საუბრობენ. ცოდვა (პირადი ცოდვა) ვნების/ვნებების კერძო რეალიზაციაა, ანუ ის, რასაც დაცემული, ხრწნადი, ვნებებით სავსე ბუნება შეიცავს. წმინდა მამათა მიერ ცოდვის საკითხის გაგებიდან გამომდინარეობს, რომ პირადი ცოდვა ონტოლოგიურად ვერ გადაეცემა მომდევნო თაობებს, ასევე, წინაპრის ცოდვაში თანამონაწილეობაც შეუძლებელია. ადამისა და ევას დაცემულ და დაზიანებულ ბუნებაში შთამომავლების თანამონაწილეობას კი აღმოსავლეთის ეკლეესიის წმინდა მამები პირდაპირ აღიარებენ, რადგან მოცემულ საკითხში ზოგადი ბუნების გაგებას, რომლის კერძო მატარებლები ყველანი ვართ, ობიექტური საფუძველი გააჩნია (წინაპრებთან ჩვენი ბუნებრივი კავშირი პირდაპირ ონტოლოგიურია). რამდენადაც ცოდვა უბუნებოა, ის ცოდვისადმი მიდრეკილებაში იჩენს თავს, რომელსაც ჩვენ დაბადებიდანვე ვატარებთ, ნათლობის მიერ კი ცოდვის ძალა სუსტდება (კართაგენის კანონის თანახმად  – „განიწმინდება“) და ჩვენ გვეძლევა ძალა, რომ წინ აღვუდგეთ ცოდვისადმი ჩვენ შინაგან ბუნებრივ მიდრეკილებას.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში ერთ რამ გვესმოდეს: ცოდვა – უბუნებოა. აი, რას წერენ აღნიშნულის თაობაზე აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები:

  • წმ. ეპიფანე კვიპრელი (+ 403): „ბოროტება არ არის იპოსტაზირებული. ბოროტება ოდესღაც არ არსებობდა. ის შემოჰყავს თითოეულ ბოროტების ჩამდენს თავისივე ნების მეშვეობით“ [6]; ანუ, წმ. ეპიფანეს თანახმად ბოროტება რეალობას დაცემული ადამიანის გნომიკური ნების საფუძველზე იძენს. იგივეს წერს წმ. იოანე დამასკელი (იხ. ქვემოთ);
  • ნეტარი თეოდორიტე კვირელი: „ეს ყოველივე გვასწავლის, რომ ცოდვის ძალა არ არის ბუნებრივი ძალა (და ასე რომ ყოფილიყო სინამდვილეში, სასჯელისგან თავისუფალნი ვიქნებოდით); არამედ, ვნებათაგან შეჭირვებულია ბუნება დაცემისკენ არის მიდრეკილი“ [7]. აქ ვხედავთ ნეტ. თეოროდიტეს მეტად ზუსტ დაკვირვებას, რომ თუ ცოდვა ბუნებრივი ძალაა, მაშინ ადამიანი სასჯელისგან თავისუფალია და ეს სავსებით ლოგიკურია, თუ გავიზიარებთ აზრს, რომ ცოდვის ძალას თავისი კერძო ყოფა გააჩნია, რომელიც ბუნებრივად ძალადობს ჩვენზე;
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „ბუნებისთვის დამახასიათებელი არ წარმოადგენს უწმინდურობას, რადგან თავისი არსებობით ღვთიურ მიზეზს უნდა უმადლოდეს“ [8];
  • წმ. იოანე დამასკელი (+ 754-მდე): „Μόνη δ ἁμαρτία παρά φύσιν ἐστὶν ἑκούσιον κα αὐθαίρετον τῆς ψυχῆς πάθος κάκιστον κα φθορά“ – „მხოლოდ ცოდვაა უბუნებო, ის არის სულის ყველაზე ცუდი, ნებაყოფლობითი ვნება და ხრწნა“ [9];
  • წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (+ 389): „ცოდვა არის სიკეთისგან მოკლება, რაც ბუნებითა და კანონით დაუშვებელია“ [10].

გრიგორი გრიგოროპულოსი

* * *

[1] იხ. წინა სტატიები „პირველქმნინლი ცოდვის“ შესახებ: http://gregory-gr.hol.es/კაცობრიობის-მიერ-ადამის/; http://gregory-gr.hol.es/საუბრობდა-თუ-არა-წმ-იოანე/; http://gregory-gr.hol.es/122-2/; http://gregory-gr.hol.es/რაზე-საუბრობს-ფსალმუნი-50-7/

[2] იხ. წმ. მაქსიმე აღმსარებელი. სიტყვა მოსაგრე ცხოვრებაზე. 44:  http://users.uoa.gr/~nektar/orthodoxy/tributes/osios-maximos/14.htm

[3] იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://gregory-gr.hol.es/კაცობრიობის-მიერ-ადამის/

[4] იხ. Ларше Ж.-К. Преподобный Максим споведник – посредник между Востоком и Западом. М., 2004. С. 138.

[5] რაზეც ჩვენს სტატიაში ვსაუბრობდით, იხ.: http://gregory-gr.hol.es/რაზე-საუბრობს-ფსალმუნი-50-7/

[6] მოგვყავს TLG (Thesaurus Linguae Graecae) შესაბამისად: Epiphanius Scr. Eccl. : Panarion (= Adversus haereses) : Volume 1, page 263, line 8.

[7] იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_sto_pjatdesat_psalmov/50

[8] იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://bible.optina.ru/new:act:10:11#prp_maksim_ispovednik

[9] Св. Иоанн Дамаскин. Введение в догматы (Εἰσαγωγὴ δογμάτων στοιχειώδης. 9. Περὶ πάθους); იხ. პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://users.uoa.gr/~nektar/orthodoxy/paterikon/iwannhs_damaskhnos_institutio_elementaris.htm

[10] იხ.: Св. Григорий Богослов. Полное собрание творений святых отцов Церкви и церковных писателей в русском переводе. Т. II. М. 2011. С.175.