You are currently viewing სავალდებულოა თუ არა 252 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების დადგენილებები მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?

სავალდებულოა თუ არა 252 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების დადგენილებები მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?

  • Post author:
  • Post category:Blog

„პირველქმნილი ცოდვის“ მომხრეები 252 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების ერთ-ერთ დოკუმენტით აპელირებენ და ამტკიცებენ, რომ მასში „პირველქმნილ ცოდვაზეა“ საუბარი. აღნიშნულ კრებაზე ჩვილთა ნათლობის საკითხი წამოიჭრა და გადაწყდა, რომ მათი მონათვლა აუცილებელია, რაც მართლაც ასეა. ჩვილთა ნათლობისა და ადამის „სიკვდილის სენის“ ურთიერთმიმართების საკითხი გადაწყვეტილია კრების ოქმებში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ბუნდოვანი აზრით სრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ კრების მამები „პირველქმნილ ცოდვას“ არ ახსენებენ, მაგრამ „სიკვდილის სენზე“ საუბრობენ (ანუ, ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე; ამ დაზიანების გამო ბუნება გახდა  მოკვდავი), რომელსაც ჩვილები დაბადებისას იღებენ და ადამის დაცემული ბუნების თანაზიარნი ხდებიან.

ხსენებულ კართაგენის კრებაზე, რომელიც წმ. კიპრიანეს (+ 258), კართაგენის ეპისკოპოსის, თავმჯდომარეობით ჩატარდა ჩვილთა ნათლობის აუცილებლობა განიმარტა. თუ პირადი დანაშაულის არ ქმონე ჩვილები უცოდველნი არიან, მაშ, რისგან თავისუფლდებიან ისინი ნათლობისას? კრება პასუხობს: რამდენადაც ჩვილი ხორციელად ადამისგან წარმოსდგება, ის შობისას „სიკვდილის სენს“ იღებს, ამიტომ „მით უფრო ადვილად შეუდგება ცოდვების მიტევების მიღებას, რადგან მას თავისი კი არა, სხვისი ცოდვები მიეტევება“. აღნიშნულის თაობაზე წმ. კიპრიანე კრების სახელით (252 წელს) ეპისკოპოს ფიდეს შემდეგს წერდა:

ამასთან, თუ დიდ ცოდვილებსაც, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ სცოდავდნენ, როდესაც იწამებენ, ცოდვები მიეტევებათ და არავის ეკრძალება მიტევება და მადლი, მითუმეტეს, არ უნდა აეკრძალოს ეს ჩვლის, რომელიც შობისთანავე არაფრით არ სცოდავს, არამედ მხოლოდ ადამის ხორცისგან წარმოსდგება და სიკვდილის სენი მიიღო შობით; მით უფრო ადვილად შეუდგება ის ცოდვათა მიტევების მიღებას, რადგან მას პირადი კი არა, არამედ სხვისი ცოდვები მიეტევება(quod illi remittuntur non propria sed aliena peccata[1] (Cyprianus, epist. ad Fidum. 64, 5).

მოცემული ტექსტი კითხვას აჩენს: როგორ მიეტევებათ ჩვილებს, რომელთაც პირადი ცოდვა არ გააჩნიათ (რასაც კრების მამებიც აღნიშნავენ), „სხვისი ცოდვები“? დასმულ კითხვაზე პასუხი, კერძოდ, თავად წმ. კიპრიანეს, როგორც კრების თავმჯდომარის პიროვნებაში, ზოგადად კი – კართაგენელი მამების გარკვეულ საღვთისმეტყველო ორიენტაციაში მდგომარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. კიპრიანე კართაგენის ეკლესიის ჭეშმარიტად გამოჩენილი მამაა, რომელმაც იმპერატორ ვალერიანეს დევნისას ქრისტეს სახელისთვის სიცოცხლე გაწირა. III საუკუნის დასაწყისის აფრიკული ეკლესიის ისტორიაში წმ. კიპრიანეს როლი და მოღვაწეობა ძალიან დიდია როგორც მისიონერული საქმიანობის, ისე წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელების კუთხით. თუმცა, წმ. კიპრიანეს, როგორც ნებისმიერ სხვა ღვთისმეტყველსაც, ზოგიერთი საღვთისმეტყველო საკითხის ინდივიდუალური გაგება და ხედვა გააჩნდა; აღნიშნული საკითხები კი ყოველთვის ისე არ წყდებოდა, როგორც სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო ჩვილთა ნათლობა. აღნიშნულმა კრებამ (252 წ.) ჩვილთა ნათლობა, როგორც მათთვის „სხვისი“ და არა თავისი ცოდვების მიტევება განმარტა, რაც მსოფლიო ეკლესიამ, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ კრების მამები დაწვრილებით არ განმარტავენ, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს „სხვისი ცოდვები“ – მამები ზოგადი ტერმინით, „სხვისი ცოდვები“, შემოიფარგლებიან. წმ. კიპრიანესა და მამების ეპისტოლეს ტექსტიდან გასაგებია, რომ „სხვისი ცოდვები“ პირველმამამდე, ადამამდე მიდის და ამგვარად, აქ დაცემული ადამის შთამომავლების ადამის ცოდვაში გარკვეული თანამონაწილეობა იგულისხმება. მოცემული აზრი, შემდგომში, აშკარად გამოხატულ და დასრულებულ განსაზღვრებას ნეტარი ავგუსტინეს (+ 430) შრომებში მიიღებს. ნეტ. ავგუსტინე კართაგენულ ღვთისმეტყველებას განაგრძობს და განავითარებს. ნეტ. ავგუსტინეს ამოსავალი წერტილი იმ აზრში მდგომარეობდა, რომ შთამომავლები ადამის ბრალს იზიარებენ, აქედან კი ადამის ცოდვაში შთამომავალთა თანამონაწილეობა გამომდინარეობდა, რომ. 5, 12-ის ავგუსტინისეული გაგებიდან გამომდინარე [2]. ამრიგად, კართაგენის ადგილობრივი კრების (252 წ.) მამათა აზრი, რომ თუ ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათ, მათ „სხვისი ცოდვები“ მიტევებათ, სულაც არ არის გასაკვირი. ეს აზრი იმ საღვთისმეტყველო სულისკვეთებას გამოხატავს, რომელიც კართაგენის ეკლესიაში სუფევდა. კართაგენის ღვთისმეტყველთა იურიდიზმის მიზეზი ამ ეკლესიის გამოჩენილი ღვთისმეტყველების საერო განათლებაში უნდა ვეძებოთ. წმ. კიპრიანე, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი ტერტულიანე (+ 220 წლის შემდეგ) იურისტები იყვნენ, რაც მათ მიერ ქრისტიანული ღვთისმეტყველების გაგებას მკაცრ მიმართულებას სძენდა. აღნიშნული იურიდიული სიმკაცრე არაერთხელ გამოვლენილა კართაგენისა და რომის საყდრის წარმომადგენლების დისპუტებში, მაგ., წმ. კიპრიანესა და წმ. პაპ სტეფანეს დავა ერეტიკოსებისა და სქიზმატების გადმონათვლის საჭიროების საკითხზე.

თუმცა უნდა ითქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წმ. კირპიანე საღვთისმეტყველო კუთხით ტერტულიანეზე იყო დამოკიდებული, თავისი მასწავლებლისგან არ მიუღია მისთვის დამახასიათებელი კატეგორიულობა და არაზომიერება საღვთისმეტყველო საკითხებში (რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს). ტერტულიანეს კატეგორიულობამ, საბოლოო ჯამში, იგი მსოფლიო ეკლესიის წიაღს განაშორა, წმ. კიპრიანე კი ეკლესიის ერთობის აქტიური მქადაგებელი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, კართაგენის ადგილობრივი კრების (252 წ.) დადგენილებები ამავე კრების მემკვიდრეობად დარჩა და მსოფლიო კრებების ავტორიტეტით არ გამყარებულა. ცნობილი მართლმადიდებელი კანონისტი, წმ. ნიკოდიმე (მილაში) (+ 1915) ადასტურებს, რომ VI მსოფლიო კრების (ტრულის კრების) (681 წ.) მე-2 კანონმა 419 წლის კართაგენის ადგილობრივი კრების კანონები დაამტკიცა [3]. ანუ, აქ არ გვაქვს 252 წლის ადგილობრივი კრების დამტკიცება. ნიკოდიმეს (მილაში) თანახმად, VII მსოფლიო კრების (787 წ.) 1-მა კანონმა VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი დაამკტიცა. 1-ლი კანონის განმარტებისას მღვდელმოწამე ნიკოდიმე აღნიშნავს: „შემდეგ მოდის იმ ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების კანონები, რომლებიც ტრულის კრების მე-2 კანონშია ნახსენები. VII მსოფლიო კრების მამებმა თავის კანონში ზუსტად ის წესები იგულისხმეს, რომლებიც ტრულის კანონზე დამტკიცდა, რასაც VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე, პატრიარქი ტარასი, მოწმობს კრების მე-4 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ყველა აღნიშნულ წესს კრება ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს, რამეთუ მათი შემდგენლები „ერთი სულით იყვნენ განათლებულნი“. ყველა ხსენებული წესის მნიშვნელოვნებაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტრულის კრების მე-2 კანონის განმარტებებში“ [4].

საინტერესოა, რომ VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებაში  ნიკოდიმე წმ. კიპრიანე კართაგენელის ერთ-ერთ საღვთისმეტყველო შეხედულებაზე შემდეგს წერს: „ამ წესში ტრულის კრება მართლმადიდებლობაში გადმოსული ყველა ერეტიკოსისა და სქიზმატის გადმონათვლის საკითხს ახსენებს. აღნიშნული წესი კართაგენის ეკლესიაში 256 წელს გამოიცა წმ. კიპრიანეს დროს. აღნიშნულ წესს ტრულის კრება, ჩამოთვლილი წესებისგან განსხვავებით, მთელი ეკლესიისთვის სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებს, არამედ მხოლოდ ადგილობრივ მნიშვნელობას. მოცემული კიპრიანეს წესის განმარტებისას ბალსამონი  ტრულის კრების აზრის ახსნისას, უთითებს, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას საეკლესიო პრაქტიკაში. „მოცემული წესი მოითხოვს, რომ ყველა, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოდის, ერეტიკოსი იქნება თუ სქიზმატი, თავიდან მოინათლოს, თუნდაც უკვე მონათლული ყოფილიყო“. ამასთან II მსოფლიო კრების მე-7 წესი ამ საკითხს სულ სხვაგვარად წყვეტს: ის ზუსტად ადგენს, ვინ უნდა გადმოინათლოს და ვინ არა. წაიკითხე ის წესი და გაჰყევი იმ წესს, რომელიც მოგვიანებით გამოიცა. ტრულის კრების მე-2 წესიც წაიკითხე და ნახავ, რომ ის, რაზეც ეს წერილი (ანუ, კიპრიანეს კრების წესი) ლაპარაკობს, ყველა მამამ არ მიიღო, რამეთუ იქ ასეა ნათქვამი: „კიპრიანეს, აფრიკის ოლქის ყოფილი არქიეპისკოპოსის და მისი კრების მიერ გამოცემული წესი მხოლოდ ამ კრების ხსენებულ წინამძღვართა ადგილებში ინახება, გადმოცემული ადათის თანახმად“. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ეს წესი ჯერ არ იყო ყველა მათგანთან დამკვიდრებული. II მსოფლიო კრების მე-7 წესი სულ სხვას ითხოვს მოქცეული ერეტიკოსებისა და სქიზმატებისგან, ვიდრე ეს წერილი და ამიტომაც ამ უკანასკნელის განკარგულებები დაუტევეს“ [5]. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიპრიანეს ხსენებული წესი არ შევიდა საერთო საეკლესიო კანონიკურ კოდექსში, რომელიც 920 წელს მთელი ეკლესიისთვის დამტკიცდა ცნობილ კონსტანტინოპოლის კრებაზე. ტრულის კრების ეს მნიშვნელოვანი წესი სრულად შევიდა რომის კათოლიკური ეკლესიის Corpus juris canonici-ში, ამგვარად, ამ ეკლესიაში მას კანონის ძალა უნდა გააჩნდეს“ [6].

ერთი სიტყვით, როგორც კანონიკური სამართლის ისტორია გვიჩვენებს, კართაგენის ეკლესიის ყველა დადგენილება და საღვთისმეტყველო აზრი მსოფლიო ეკლესიას არ მიუღია; ეკლესიამ ამ წესების მხოლოდ ადგილობრივი და არა მსოფლიო მნიშვნელობა აღიარა. იგივე ეხება კართაგენის 252 წლის ადგილობრივ კრებასაც, რომელიც მსოფლიო კრებების ავტორიტეტით არ დამტკიცებულა. ამგვარო მსოფლიო დასტური კართაგენის 419 წლის კრებას აქვს, რომელიც თავისი საღვთისმეტყველო ტონალობის ზომიერებით გამოირჩევა და მსოფლიო ეკლესიის მთელი სისავსისთვის არის მისაღები.

გრიგორი გრიგოროპულოსი

* * *

[1] იხ.: Священомученик Киприан Карфагенский. Таинство единства Церкви.М., 2008. С.185-189.

[2] ამ ყოველივეზე ჩვენს წინა სტატიებში ვისაუბრეთ, იხ. http://gregory-gr.hol.es/კაცობრიობის-მიერ-ადამის/; http://gregory-gr.hol.es/საუბრობდა-თუ-არა-წმ-იოანე/

[3]პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/153

[4] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/254

[5] ესე იგი კართაგენელებს მათივე განკარგულებები ადგილობრივ წესებად დაუტოვეს.

[6] პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-svjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/153