You are currently viewing „ლაიკური“ ისიქაზმის, ანუ საერო ისიქაზმის შესახებ

„ლაიკური“ ისიქაზმის, ანუ საერო ისიქაზმის შესახებ

  • Post author:
  • Post category:Blog

სტატიის დასაწყისში გვსურს ავღნიშნოთ, რომ დღესდღეობით, ერმა პრაქტიკული ლაიკური ისიქაზმის შესახებ ან ძალიან ცოტა რამ იცის ან (უფრო ხშირად) საერთოდ არ აქვს მასზე წარმოდგენა და არც კი გაუგია მის შესახებ. ყველას სმენია ბერ-მონაზვნული ისიქაზმის შესახებ, ანუ მონასტრულ გარემოში იესოს ლოცვისა და მდუმარების შესახებ. ამ პრაქტიკას წმინდა მამები ავრცელებდნენ, განსაკუთრებით XIV საუკუნეში. ეს პრაქტიკა 1351 წლის კრებაზე დოგმატურად დადასტურდა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში წმ. გრიგოლ პალამამ აქტიური როლი ითამაშა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ცოტამ თუ იცის, რომ XIV საუკუნის მამები ერისკაცებს შორისაც ემხრობოდნენ ისიქაზმის პრაქტიკას – ლაიკურ ისიქიას, ანუ ისიქაზმს ერისკაცთათვის (λαϊκός – ერისკაცები). აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მრევლში ლაიკური ისიქაზმის არარსებობა ჩვენი თანამედროვე ეკლესიურობის სულიერი პრობლემაა, რომლის მიზეზი ბანალური უმეცრებაა. ჩვენ იმდენად დავშორდით წმინდა მამების პრაქტიკულ-ლოცვით ცხოვრებას, რომ არც კი გვაინტერესებს, რას ასწავლიდნენ ისინი; ამის არცოდნით კი უმეცრებაში ვიმყოფებით; უმეცრებას კი ლაიკური ისიქაზმის უსაფუძვლო გმობამდე მივყავართ. ამ პრაქტიკის კრიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ღვთივსათნო საქმეს აკეთებენ და მათი აზრები წმინდა მამათა მოძღვრებას ეთანხმება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა.

პირველ რიგში, სახარება მოყვასისადმი ყურადღებას გვასწავლის – ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ ესა თუ ის პიროვნება, როდესაც საქმის ნამდვილი ვითარება არ ვიცით: “განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?” (იოანე. 7, 51). მეორე ის გახლავთ, რომ ლაიკური ისიქაზმის პრაქტიკა მონასტრებიდან წმინდა მამების კურთხევით გამოვიდა, რომლებიც ლოცვითი კეთილმსახურების არა მარტო ბერ-მონაზვნებს შორის, არამედ ერისკაცებში გავრცელებასაც აქტიურად ემხრობოდნენ. წმინდა მამების ასეთი დამოკიდებულება სახარებისეული მოსაზრებებით იყო განპირობებული, რადგან ისინი, ვინც ეკლესიაში არიან – ღვთის ხალხია – „λαός Θεου“, ანუ ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის და რომლებსაც სული წმიდის აღვსების  აღთქმა ეკუთვნით (1 კორ. 12-13); სადაც სული წმიდაა, იქ მორწმუნეთა მოწოდება და ნიჭია, ღვთის ნიჭი და მოწოდება კი უცვლელია (რომ 11, 29). ნიჭი თანაბრად ეკუთვნის ბერ-მონაზვნებსაც და ერისკაცებსაც – ღმერთი არავის ზღუდავს ნიჭების გამოვლენაში ღვთაებრივი ენერგიების მეშვეობით, ღვთის ენერგია კი ნიჭების მიხედვით განსხვავდება (1 კორ. 12, 1-4). ამიტომ, შეუძლებელია, იყო ეკლესიაში და არ იყო ღვთის ერის ნაწილი, – „λαϊκός“, – თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია, როგორც ღვთის მღვდელმსახური, იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთს მსხვერპლი მიართვას, რომლებიც ნიჭების მიხედვით, ერთიანი ღვთაებრივი ენერგიის მეშვეობით, განსხვავდება. თუმცა, ავღნიშნავთ, რომ ლაიკური ისიქაზმი, პრაქტიკული ხარისხით, სამონასტრო ისიქაზმისგან განსხვავდება. ეს სრულიად გასაგებია, რადგან ბერ-მონაზვნული ცხოვრება ისიქაზმის უფრო ღრმა გააზრებას მოითხოვს.

ისიქაზმის, როგორც ბერ-მონაზვნული ფენომენისა და მოძრაობის ზუსტი და სწორი გაგების შესახებ საუბარი ზედმეტად გვეჩვენება, რადგან ეს ყოველივე წმინდა მამებმა, მათმა კომენტატორებმა და თანამედროვე ღვთისმეტყველებმა კარგად განმარტეს. ასევე, ცნობილია „გონიერი“ ლიცვისა და მდუმარების, ანუ ისიქიის (ἡ ἡσυχία) პრაქტიკის უძველესი ისტორია, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების უძველესი პერიოდიდან იწყება. მაგრამ ვიცით თუარა წმინდა მამების შეხედულება ლაიკური ისიქაზმის შესახებ? აქ გვსურს გავისხენოთ წმ. გრიგოლ სინელი (+1346), რომელიც XIV საუკუნეში ათონის მთაზე ისიქასტური აღორძინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოღვაწე იყო. წმ. გრიგოლ სინელი მოღვაწეობის შესახებ ცნობები მის ცხოვრების აღწერაში ვხვდებით. თავის დარიგებებში ის მოწაფეებს ისიქასტური პრაქტიკის ცენტრალურ იდეას უმხელდა, რომელიც ვნებიანი ზრახვებისგან სულის განწმენდისკენაა მიმართული და უწყვეტ ღვთის ხსოვნასთან – „გონიერ“ ლოცვასთან – არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ „გონივრული ქმედების“ ძველ პრაქტიკას წმ. გრიგოლი არა მარტო ღვთისადმი, არამედ ადამიანებისადმი სიყვარულსაც უკავშირებდა. ის განსაკუთრებით აღნიშნავდა, რომ მჭვრეტელური ღვთის შემეცნების უზენაესი ფორმები წუთისოფლისგან სრულ განდგომას და ასკეტურ გამოცდილება მოითხოვს, თუმცა გონიერი ლოცვის პრაქტიკა, როგორც რელიგიური ცხოვრების შესახებ უწყვეტი მდუმარე ხსოვნა, მისაწვდომია ყველასთვის, ვინც ცხონებას ეძებს, ანუ არა მარტო ბერ-მონაზვნებისთვის, არამედ ერიკსაცებისთვისაც. წმ. გრიგოლ სინელი არ მოუწოდებს ყველას განდეგილობისა და ასკეზისკენ, ის ისიქაზმის პრაქტიკას, როგორც ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი წყობის ფორმას, ქადაგებდა.

აღსანიშნავია, რომ წმ. ნიკოლოზ კავასილა (+1398), ლაიკური ისიქაზმის ცნობილი მომხრე და წარმომადგენელი, თავისი დროის ისიქასტურ ბერ-მონაზვნულ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში იყო. ახალგაზრდობაში მისი სულიერი მოძღვარი, ღირსი გრიგოლ სინელის მოწაფე, კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი, ისიდორე I ვუხირასი (1347-1349) იყო, რომელსაც გრიგოლ სინელმა შემდეგი რჩევა მისცა: „უდაბნოსა და მთებში კი ნუ იცხოვრებ, … არამედ ერში იცხოვრე, რათა სულიერად კვებო ისინი, ვინც იქაც კი ბერ-მონაზვნულად და კელიის წესით ცხოვრობს“. ეს სიტყვები წმ. ნიკოლოზ კავასილას ზოგიერთ ტექსტთან შეხამებაში ლაიკური ისიქაზმის ტრადიციაზე მიუთითებენ, რომელიც ისიქასტურ ბერ-მონაზვნობასთან, როგორც უწყვეტ ონტოლოგიურ დონეზე – ასკეტური საწყისის იდეალით, ისე პრაქტიკულ ასკეტურ დონეზეა კავშირში, რაც ამ სულიერი მოძრაობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას ემსახურება. საინტერესოა, რომ თავად წმ. ნიკოლოზ კავასილა ერისკაცი და ღვთისმეტყველი იყო. ის ნაყოფიერი ავტორი იყო. მას ეკუთვნის გვიანდელი ბიზანტიური ხანის შემაჯამებელი თხზულება „საღვთო ლიტურგიის განმარტება“ და უნიკალური ნაწარმოები „შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ“, რომელიც ლაიკური ისიქაზმის ნიმუშია.

წიგნი „შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ“ საბერძნეთში იყო გავრცელებული. ეს იქიდან ჩანს, რომ ამ „სიტყვების“ ხელნაწერები მრავალ ბიბლიოთეკაში მრავალ ეგზემპლარად გვხვდება. ქრისტეში ცხოვრების შესახებ „სიტყვებში“ წმ. ნიკოლოზ კავასილა მსჯელობდა იმის თაობაზე, რომ ახალი მადლით აღსავსე ცხოვრება, რომელიც ქრისტეს მორწმუნეებს ეძლევა, მათ მაცხოვნებელი საიდუმლოებების ძალითა და ქრისტეს რჯულისმიერი ცხოვრებით უნარჩუნდება. მექვსე და მეშვიდე „სიტყვაში“ კავასილა მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ ზნეობრივ სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს ქრისტიანმა ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრებისას, თუ მადლისმომცემი ნიჭის დამარხვასა და განვითარებას ეცდება. წმინდა წერილის ამაღლებული აზრთა სვლა, კეთილმსახური გრძნობის ძალა და სიცოცხლე წმ. ნიკოლოს კავასილას „სიტყვის“ ღირსებას წარმოადგენს; ამით აიხსნება ამ ნაწარმოების ხელნაწერთა დიდი რაოდენობა; ეს იმ ადამინებისთვის, რომლებიც ცხონებას ეძებენ და კეთილმსახურებაში იღწვიან, სიხარულის მომგვრელი საკითხავია.

ი. მეიენდორფი აღნიშნავს, რომ წმ. ნიკოლოს კავასილას იდეებისადმი სისტემატური მიდგომა პრაქტიკულად შეუძლებელი საქმეა, რადგან მისი დოგმატური შეხედულებები ქრისტეში სულიერი ცხოვრების კონტექსტშია გადმოცემული, რაშიც წმ. გრიგოლ პალამასთან მსგავსებას ვხედავთ (+1359), რომელიც ისიქასტური მოძრაობის ყველაზე აქტიური გამომხატველი იყო: „ქრისტეში ცხოვრება ამქვეყნად იწყება და ამ ცხოვრებიდან გამომდინარეობს“, – ასეთი სიტყვებით იწყება წმ. ნიკოლოზ კავასილას წიგნი „ცხოვრება ქრისტეში“. წმ. გრიგოლ პალამას მსგავსად წმ. ნიკოლოზ კავასილა ამტკიცებს, რომ ლოგოსის განკაცების წყალობით ღმერთთან ურთიერთობა, ამ ურთიერთობის გამოცდილება და ცოდნა, ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანის სულიერ ცხოვრებას შეადგენს, შესაძლებელია და საჭიროც არის, რომ ამ ცხოვრებაში განხორციელდეს (ქრისტეში ცხოვრება. 1, 1).

უნდა აღინიშნოს, რომ თავად წმ. გრიგოლ პალამა ლაიკური ისიქაზმის ტრადიციას არამც თუ არ ეწინააღდმეგებოდა, არამედ თავადაც კეთილმსახური ოჯახიდან წარმოსდგებოდა, სადაც ლაიკური ისიქაზმი ოჯახური ტრადიცია იყო. ი. მეიენდორფი აღნიშნავს, რომ წმ. გრიგოლის მამა, კონსტანტინე პალამა, კონსტანტინოპოლელი სენატორი და ღვთისმოსავი ადამიანი იყო. შემონახულია ცნობები, რომ ის იესოს ლოცვას აღასრულებდა და ზოგჯერ სენატის სხდომაზეც კი უღრმავდებოდა ამ ლოცვას. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას იმპერატორმა ანდრონიკ II (1282-1328) თქვა: „ნუ შეაწუხებთ, ილოცოს“. როგორც პალამას ბიოგრაფი, ფილოთეოს კონსტანტინოპოლელი წერს, პალამამ, „სიყმაწვილის ასაკს როგორც კი გასცდა“, გადაწყვიტა სამონასტრო ცხოვრებისთვის მიეძღვნა თავი. ის ათონის მთაზე მივიდა და ნეტარ ნიკოდიმე ვატოპედელს დაემოწაფა. მისი ხელმძღვანელობით წმ. გრიგოლი ცხოვრებას „მარხვაში, მღვიძარებასა და უწყვეტ ლოცვაში“ ატარებდა, შემდგომში კი ბერად აღიკვეცა (Philotheus. Encomium // PG. 151. Col. 565).

ლაიკური ისიქაზმის მომხრეებზე უფრო ვრცლად რომ გვესაუბრა, სტატია მეტად გაგვიგრძელდებოდა, რადგან სხვა წმინდა მამების ხსენებაც მოგვიწევდა. ჩვენთვის საკმარისია ამ თემაზე მოკლედ ვისაუბროთ და ჩვენი მოსაზრება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი მნათობების მაგალითებით გავამყაროთ, როგორებიც არიან ათონური ისიქაზმის მამები გრიგოლ სინელი და გრიგოლ პალამა და ცნობილი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი ერისკაცის წმ. ნიკოლოზ კავასილას ცხოვრებისა და შემოქმედების მაგალითი.

სტატიის დასასრულს გვსურს ლაიკური ისიქაზმის კრიტიკოსებს მივმართოთ: ნუ დევნით და ნუ ავიწროვებთ ამ კეთილმსახურების მომხრეებსა და ამაღორძინებლებს, არამედ საფუძვლიანად გამოიკვლიეთ ეს საკითხი და ამ ლოცვითი პრაქტიკის ჭეშმარიტებასა და სისწორეში დარწმუნდეთ. მსგავს ისტორიას ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი. ის ბერ-მონაზვნულ წრეში მოხდა. 1307 წელს წმ. გრიგოლ სინელი ათონის მთაზე მივიდა და იქ 10 წელი იცხოვრა. ამ წლებში მის გარშემო მრავალრიცხოვანი მოწაფე შეიკრიბა. წმინდა მთაზე მისვლისას წმ. გრიგოლ სინელმა ვერც ერთი ბერი ვერ იპოვა, რომელიც მდუმარებასა და გონების მარხვას ინახავდა. წმინდანმა ეს პრაქტიკა არა მხოლოდ განმარტოებით მცხოვრებ ბერებს ასწავლა, არამედ დიდი მონასტრების ბერებსაც. შესაძლოა, ზოგი ბერი შეცბუნდა ამ პრაქტიკისა და სწავლების ზოგიერთი ასპექტით. ბერებმა წმინდანს მიმართეს: „ნუ გვასწავლი გზას, რომელიც სრულიად უცნობია ჩენთვის“ და წმინდა მთიდან მისი გაძევება მოინდომეს. წმ. გრიგოლ სინელის ბიოგრაფი, პატრიარქი კალისტე ამ ინცინდენტის მთავარ მიზეზად შურს ასახელებს, რომელიც ბერებს ეშმაკმა შთაუნერგა. ათონიდან გაძევება, რომელსაც ბერები ითხოვდნენ, სასჯელის ძალიან მკაცრი ზომაა, რომლის გატარებაც მხოლოდ ათონის უზენაეს ძალაუფლებას შეეძლო ბერული წესდების უხეში დარღვევისთვის ან ერესისთვის. წმ. გრიგოლ სინელი ერთ-ერთი მოწაფისა და ბერ ესაიას თანხლებით კარეაში მივიდნენ. მაგრამ ათონის მთის პროტზე მოსაუბრე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი სულიერი გამოცდილებით, რომ ყველა ბრალდება მოხსნა მას და დიდ ხანს გულითადად ესაუბრა: „ამ მომენტიდან, წმინდა მთის ყველა ბერი და კინოვიტი დიდი სულიერი სიხარულით პატივს სცემდა მას, როგორც თავის სულიერ მოძღვარს“. ჰაგიოგრაფის თქმით, ინცინდენტის კეთილი დასასრული იმას ნიშნავდა, რომ წმ. გრიგოლ სინელი წმ. ათონის მთის ბერების „მოძღვრად“ აღიარეს.

გრიგორი გრიგოროპულოსი

* * *

გამოყ. ლიტ.: Прот. Иоанн Мейендорф. Введение в святоотеческое богословие. М., 1992; Τσάμης Δ. Γ., ed. Θιλοθέου Κωνσταντινουπόλεως τοῦ Κοκκίνου ῾Αγιολογικὰ ἔργα. Α´̇ Θεσσαλονικεῖς ἅγιοι. Θεσσαλονίκη, 1985;  RegPatr, N 2271-2310;  Каллист I, патр. Житие иже во святых отца нашего Григория Синаита / Греч. текст изд.: И. В. Помяловский. СПб., 1894 [рец.: Курц Э. // ВВ. 1896. Т. 3. С. 376-384.