You are currently viewing ეხება თუ არა იოან. 3, 5 და მარკ. 16, 15-16 მოუნათლავ ჩვილებს?

ეხება თუ არა იოან. 3, 5 და მარკ. 16, 15-16 მოუნათლავ ჩვილებს?

  • Post author:
  • Post category:Blog

მოუნათლავ ჩვილთა მარადიული ტანჯვის მომხრეებს არგუმენტის სახით იოანე. 3, 5 და მარკ. 16, 15-16 მუხლები მოჰყავთ. განვიხილოთ მოცემული მუხლები და გავარკვიოთ, ეხება თუ არა ისინი მოუნათლავ ჩვილებს და ზოგადად ჩვილებს.

იოანე მახარებელი ამბობს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოანე. 3, 5). აქვე შევნიშნავთ, რომ ისეთ სერიოზულ საკითხში, როგორიცაა მოუნათლავ ჩვილთა ცხონების/წარწყმედის საკითხი, კონტექსტიდან ამოღებული მუხლის მოყვანა მართლმადიდებელ პოლემისტს არ ეკადრება; მართლმადიდებელი ეკლესია თავისი გონების საყოველთაობით, ამა თუ იმ საღვთისმეტყველო საკითხში ყოველთვის კონტექსტუალურობით ხელმძღვანელობდა და არ იყენებდა სექტანტურ მეთოდოლოგიას. იმისათვის, რომ ეს მუხლი გავიგოთ, საჭიროა ამ თავის პირველ ნახევარში ქრისტეს აზრი გავიგოთ მთლიანობაში და ასევე, სიტყვა, რომლითაც მან ნიკოდიმეს მიმართა. თავიდან კი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ნიკოდიმესადმი მიმართული მთელი სიტყვა (იოანე. 3, 1-21) ზრდასრული ადამიანისადმი, ისრაელის მოძღვრისადმია მიმართული (იოანე. 3, 10), ანუ ის პირდაპირ მისიონერული ხასიათისაა და ქრისტეს განათლებული მოსაუბრის მიერ სახარების გააზრებულ აღქმაზეა გამიზნული. მთელი ეს საუბარი აღნიშნულ საფუძველზეა აგებული და მასში არ არის საუბარი ჩვილებზე, რომლებიც ჯერ გონებით არასრულყოფილნი არიან იმისათვის, რომ ქრისტე იწამონ, რომელიც ნიკოდიმეს უებნება: „თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?“ (იოანე. 3, 12). გასაგებია, რომ ჩვილები ქრისტეს ვერ „ირწმუნებენ“ და ვერც ქრისტეს „მოწმობას“ ვერ „მიიღებენ“ (იოანე. 3, 11), რადგან ჩვილთა გონება ჯერ არასრულყოფილია და ამიტომ, თავად ვერაფერს ირჩევენ ან უარყოფენ. ჩვილს არ შეუძლია „უფრო შეიყვაროს ბნელი, ვიდრე ნათელი“ (იოანე. 3, 19), რადგან „ბოროტი საქმეების“ არამქონეა (იოანე. 3, 19). ჩვილს არ შეუძლია ბოროტების ჩადენა, ამიტომ არც „ბოროტი საქმეები“ გააჩნია და ამიტომ, ვერ გამჟღავნდებიან საქმენი მისნი (იოანე. 3, 20). მაგრამ, ჩვილი ვერც „სიმართლით მოქმედებს“ (იოანე. 3, 21), რათა ნათლისკენ ილტვოდეს (იოანე. 3, 21). ჩვილი ვერ იქნება ქრისტეს მორწმუნე და ვერც ურწმუნო, რათა განისაჯოს, „ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი“ (იოანე. 3, 18). ცხადია, რომ ისრაელის მოძღვართან მაცხოვრის საუბრის მთელი კონტექსტი მოუნათლავი ჩვილების საკითხს არ ეხება, არამედ მთელ სიტყვას  მისიონერული პრინციპი უდევს საფუძვლად – ზრდასრული ადამიანის მიერ მაცხოვრის ქადაგების შედეგად კი, ნათლობის გააზრებული მიღება.

საყურადღებოა, რომ ნიკოდიმესთვის ქრისტეს სიტყვები გაუგებარია. მას არ ჰყოფნის ძალა, ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტი გაგება გაიაზროს და ის ძალიან საინტერესო კითხვას სვავს, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ აზრს, რომ ქრისტეს სიტყვა ზრდასრული ადამიანის მიერ შეგნებულად გაკეთებულ არჩევანს ეხება. ნიკოდიმე კითხულობს: „როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?“ (იოანე. 3, 4). ანუ, ნიკოდიმეს ქრისტეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, როგორც ხორციელად მეორედ შობა [1]; ამგვარი შობა კი კვლავ ჩვილობასთან არის დაკავშირებული. საინტერესოა ქრისტეს რექაცია: მაცხოვარი არ შეჩერდა ნიკოდიმეს აზრზე ხორციელად მეორედ შობის შესახებ, მაცხოვარი ამ აზრის აქცენტირებასაც კი არ ახდენს. თითქოს, უფალს აქ უნდა აეხსნა ნიკოდიმესთვის ადამიანის ხორციელად მეორედ დაბადების შესახებ, მაგრამ ქრისტეს მსგავსს არაფერს ამბობს. მაგრამ რას ამბობს ქრისტე და რაზე ამახვილებს თავისი მოსაუბრის ყურადღებას? უფალი აზუსტებს და ამ შობის სულიერ მხარეზე საუბრობს (იოანე. 3, 7-8), ამით ქრისტეს სურს ნიკოდიმეს გაგების სრულყოფა. მაგრამ ნიკოდიმე ისევ გამოხატავს თავის გაკვირვებას. უფალი, თითქოს, საყვედურობს ნიკოდიმეს, რომ მას ქრისტეს სულიერად ამაღლებული საუბარი არ ესმის: „ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი? (იოანე. 3, 10). ამის შემდეგ ქრისტე ნიკოდიმეს უხსნის აზრს ადამიანის სულიერი შობის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს ის. წმ. იოანე ოქროპირის (+ 407) მიერ მოცემული მუხლის განმარტება ჩვენს გაგებას პიდაპირ ადასტურებს, რომ საუბარია ღვთის სიტყვის გააზრებულ მიღებასა და შედეგად, გაცნობიერებული არჩევნის საფუძველზე ადამიანის ნათლობაზე: „თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, და უცაბედი სიკვდილი გვეწევა და ამ ქვეყნიდან განათლების გარეშე გავალთ, თუნდაც აქ ათასობით სიქველე გვქონოდა, ჩვენ მხოლოდ გეენია, შხამიანი მატლი, უშრეტი ცეცხლი და უხსნელი ბორკილები გველოდება. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ მსმენელთაგან განიცადოს ეს სასჯელი! ჩვენ ეს ვერ გვეწევა, თუ ვეღირსებით წმინდა საიდუმლოებებს და ჩვენს შენობას საფუძვლად ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებს დავუდებთ (1 კორ. 3:12). ამგვარად, საშუალება გვექნება საიქიოში მდიდრებად წარვდგეთ, თუ ფულს აქ კი არ დავტოვებთ, არამედ ღატაკთა ხელით მას უსაფრთხო საცავებში გადავიტანთ, როდესაც ქრისტეს მივცემთ ვალად“ [2].

წმ. იოანე ოქროპირი იოანე. 3, 6-ის განმარტებაში ჩვილებზე მხოლოდ ადამიანის ხორციელი შობის და სული წმიდის მიერ შობის შედარების კუთხით საუბრობს [3], მოუნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრზე კი სიტყვასაც არ ამბობს. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+ 444), რომელსაც იოანეს სახარების ყველაზე ვრცელი განმარტება აქვს, იოანე. 3, 5-ს მსგავსადვე განმარტავს:

ადამიანს, რომელსაც სათანადოდ არ ესმის, თუ რას ნიშნავს მაღლითგან  შობა, უფალი უფრო ნათელი შთაგონებით მოძღვრავს და საიდუმლოს გაგებას უფრო სრულად უხსნის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე სულის მიერ აღორძინებას მაღლითგან შობას უწოდებდა და ამით მიანიშნებდა, რომ სულს ყველაფერზე აღმატებული არსი გააჩნია, რომლის მიერაც ღვთიური ბუნების ზიარნი შევიქნებით (2 პეტრ. 1:4), ნიკოდიმემ მცდარად გაიგო სიტყვები „მაღლითგან“ და „ისევ“ და წარმოიდგინა, რომ აქ ხორციელი ახალი შობა იგულისხმება, რითიც უგუნური და უმეცარი აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელი რამ გაიფიქრა. ამიტომ მაცხოვარი მას, როგორც უძლურს, ფაქიზად ეპყრობა და უკვე პირდაპირ ამბობს: „თუ ვინმე წყლისა და სულის მიერ არ იშვება, ვერ შევა ცათა სასუფეველში“. ადამიანი თავისი ბუნებით შედგენილია და არა მარტივი – ორისგან, მგრძნობიარე ხორცისა და სულიერი სამშვინველისგან შემდგარი, ამიტომ, აღორძინებისთვის მას ორმაგი საშუალება სჭირდება, რომელიც მისი ბუნების ორივე მხარის მონათესავე იქნება. სულით ადამიანის სული განათლდება, ნაკურთხი წყლით კი – ხორცი. …” [4].

ამგვარად, ანტიოქიისა და ალექსანდრიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები იოანე. 3, 5-სა და მოუნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრს შორის არავითარ კავშირს ვერ ხედავენ. მაშასადამე, თუ 1) წმინდა მამათა ეგზეგეტიკა და 2) თავად კონტექსტი (იოანე. 3, 1-21) მოუნათლავ ჩვილებზე საუბრის საშუალებას არ გვაძლევენ, რა საჭირო არის ხელოვნური ეიზეგეზა? რა საჭიროა წმინდა წერილის საკუთარი განმარტებით წმინდა მამათა ეგზეგეტიკის დამახინჯება? და მითუმეტეს, რა საჭიროა ბიბლიურ ტექსტში საკუთარი ეიზეგეზის შეტანა?…

რაც შეეხება მუხლს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება“ (მარკ. 16, 15-16), აქ საქმე გაცილებით მარტივად არის. მარკოზ მახარებელი მკითხველის ყურადღებას პირდაპირ ამახვილებს სიტყვებზე „ვინც იწამებს“, ის მოინათლება და შედეგად „ცხონდება“; ანუ, აქაც, მუხლის მისიონერული ხასიათია სახეზე, ზუსტად ისე, როგორც იოანე. 3, 5.; მარკ. 16, 15-16 პირდაპირ საუბრობს ხალხებს შორის მისიაზე და გასაგებია, რომ კონტექსტიდან და უშუალოდ მითითებული მუხლიდან გამომდინარე, ეს მისია სრულყოფილი გონების მქონე ადამიანებისადმია მიმართული, მაშინ როდესაც ზრდის ეტაპზე მყოფი ჩვილები ჯერ მხოლოდ გონებრივი სრულყოფის სტადიში არიან. რაიმეს მისაღებად გააზრებული და სწორი არჩევანია საჭირო, რომელიც პირადი აზრისა და მოფიქრების საფუძველზე კეთდება, რასაც წმინდა მამები გნომიკურ ნებას უწოდებენ. სანამ ჩვილი ზრდასრულად ყალიბდება, გნომიკური ნება ჩამოყალიბების სტადიაშია. სანამ ჩვილი გონებით სრულყოფილი არ არის, მას არ შეუძლია „იწამოს“ და შემდეგ „მოინათლოს“, რათა „ცხონდეს“. ამისათვის ჩვილს ნათლიები ჰყავს, რომლებიც ჩვილის სულიერი ზრდის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ. ამა თუ იმ მიზეზთა გამო, მართლმადიდებელი მშობლები ყოველთვის ვერ ასწრებენ თავიანთი ჩვილების მონათლვას, მითუმეტეს, თუ ჩვილი დედის საშოშივე დაიღუპა. ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ეკლესიის მსოფლიო მამების, მაგალითად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის და წმ. გრიგოლ ნოსელის, მშვენიერი საღვთისმეტყველო აზრები არსებობს [5]. ეკლესია, თავისი ბუნებრივი კაცთმოყვარეობით, ითვალისწინებდა და ხელმძღვანლეობდა მათი აზრებით და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ელადის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის დადგენილება [6] მოუნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრთან დაკავშირებით და როგორც ფაქტი – კრების დადგენილება მოუნათლავ ჩვილთა ეკლესიური წესით დაკრძალვის სრული მისაღებობის შესახებ.

გრიგორი გრიგოროპულოს

* * *

[1] წმ. იოანე ოქროპირის თანახმად, იოანე. 3, 5-ის განმარტებაში, ნიკოდიმეს შეკითხვის უხეში აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მოხუცებული ადამიანი ხელახლა ვერ დაიბადება. იხ.: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/besedy-na-evangelie-ot-ioanna/25

[2] იხ.: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/besedy-na-evangelie-ot-ioanna/25

[3] იხ.: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/besedy-na-evangelie-ot-ioanna/26

[4] იხ.: https://azbyka.ru/otechnik/Kirill_Aleksandrijskij/tolkovanie-na-evangelie-ot-ioanna/2

[5] იხ. მითითებული სტატიის პირველი ორი სქოლიო http://gregory-gr.hol.es/ფსევდო-მაკარი-და-მისი-აზრ/

[6] ელადის ეკლესიის 2001 წლის 3 ივლისის სინოდალური გადაწყვეტილება იხილეთ აქ http://gregory-gr.hol.es/122-2/