ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ სტატიაში პატივცემული არქიმანდრიტი, სხვათაშორის, საკითხს არამართლმადიდებლური კონფესიების – მონოფიზიტობისა და ნესტორიანობის – თვალსაზრისითაც ეხება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ავტორი, რომელიც საღვთისმეტყველო და განსაკუთრებით, დოგმატური ღვთისმეტყველების თემებზე წერს, როდესაც იგი ამა თუ იმ საღვთისმეტყველო საკითხის არამართლმადიდებლურ შეხედულებას ეხება, აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს, თუ რამდენად კარგად იცნობს ამ არამართლმადიდებელი ქრისტიანების სწავლებას და რამდენად კარგადაა ინფორმირებული ამა თუ იმ კონფესიის, რომლის საჯაროდ მხილებას აპირებს, ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ (დოგმატური, აპოლოგეტური და ა.შ.). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ერესიოლოგიაში კარგად უნდა ერკვეოდეს. საქმისადმი ამგვარი მიდგომა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არამართლმადიდებელი ქრისტიანების სწავლების უშუალო ცოდნა აპოლოგეტისთვის აუცილებელია. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მეტად გავრცელებულია არამართლმადიდებელი ქრისტიანების ფანატიზმის ზღვარზე მდგარი ბანალური მხილება. ამგვარ ფანატიზმს საფუძვლად ჩვეულებრივი უმეცრება უდევს, მაგრამ რაც კიდევ უარესია, მრავალი წლის მანძილზე არ ჩნდება ამა თუ იმ არამართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრის ზუსტი გაგების და იმაში გარკვევის სურვილი, თუ რას ასწავლის ზუსტად ესა თუ ის კონფესია. წმინდა წერილი კი სულ სხვა რამეს გვასწავლის და კიცხავს საქმისადმი ამგვარ მიდგომას: „განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?“ (იოან. 7, 51). ცოტა ვინმე თუ უფიქრდება წმინდა წერილის ამ ორიათასწლოვან რჩევასა და შეხსენებას.
მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების მხილებისას ჩვენი ავტორი შემდეგს წერს:
„რატომ ებრძოდა და ებრძვის ასწლეულების მანძილზე მართლმადიდებელი ეკლესია მონოფიზიტობას? იმიტომ, რომ მონოფიზიტობა გამოსყიდვის დოგმატს აუკუღმართებს. თუ ქრისტეს ერთიანი ბუნება აქვს, მაშინ გაუგებარია, ვინ ევნო ჯვარზე, ვინ მოკვდა და აღდგა: ღვთაება ხომ უვნებელი და უცვალებელია. თუ ქრისტეს ერთი ღვთაებრივი ბუნება აქვს, მაშინ როგორ მოხდა გოლგოთაზე ქრისტეს მიერ ადამიანობის ჩანაცვლება?
ნესტორიანობა ასწავლის იესოს ცოდვილ ბუნებას და მის ორ პირს, რომლებიც მასში ზნეობრივად გაერთიანდა, რითიც გამოსყიდვის დოგმატს აუკუღმართებს. თუ ადამიანის ბუნება ცოდვილია, მაშინ ვნება და სიკვდილი ცოდვის შედეგია და არა ნებაყოფლობითი მსხვერპლი“. (http://karelin-r.ru/diskuss/183/2.html)
მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების სწავლებას ჩვენც ვგმობთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენი მსჯავრი ამ არამართლმადიდებლური სწავლებების შესახებ სუფთად სუბიექტურ აზრზე დავამყაროთ და ობიექტურობას გადავუხვიოთ. მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი ასწლეულის მანძილზე ებრძოდა მონოფიზიტობას (ბრძოლის ძირითადი პერიოდია 448 – 681 წწ.) არა მარტო გამოსყიდვის დოგმატის გაუკუღმართების გამო, როგორც პატივცემულ არქიმანდრიტს მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ მონოფიზიტობა მთელ რიგ ქრისტოლოგიურ სწავლებებს არღვევს, ლოგოსის განკაცების საკითხით დაწყებული, ქრისტეს აღდგომის საკითხით დამთავრებული. ჩვენი ავტორის წარმოდგენიდან გამომდინარე ეს სწავლება საკმაოდ პრიმიტიული ჩანს. ნუთუ მონოფიზიტებისთვის არ არის ნცობილი და არ ესმით, რომ ღვთაება უვნებელია? რა თქმა უნდა, მათ ეს იციან და აღიარებენ კიდეც. ანდაც, მაგალითად, ნუთუ მონოფიზიტები ფიქრობენ, რომ ჯვარზე ქრისტეს ღვთაებრიობა (და არა ადამიანობა) ევნო, როგორც ჩვენს ავტორს ეჩვენება? რა თქმა უნდა, არა, რადგან თანამედროვე მონოფიზიტები თეოპასქიტებს არ წარმოადგენენ (რაზეც უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ). მონოფიზიტობა მეტად დახვეწილი და ფილოსოფიურად ღრმა არამართლმადიდებლური სწავლებაა იმისათვის, რომ ასე პრიმიტიულად მოგვეჩვენოს და რომ ადამიანი ასეთ კითხვებს სვამდეს, როგორც ჩვენი ავტორი. თავად ის ფაქტი, რომ დღემდე არსებობს სახელმწიფოები, სადაც მონოფიზიტობას მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს, მრავალზე მეტყველებს. რაც უფრო ძველია ესა თუ ის არამართლმადიდებლური სწავლება, მით უფრო დახვეწილია ის და მრავალი საუკუნის მანძილზე გამოწრთობილი და ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებელია.
ჩვენ დაწვრილებით არ მოვიყვანთ მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების ისტორიასა და ჩვენსა და მათ შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებს, რადგან ეს სტატიის ფორმატში ვერ ჩაჯდება. მხოლოდ ზოგადად შევეხებით იმას, რაც ჩვენი პატივცემული ავტორის მონოფიზიტებსა და ნესტორიანელებზე შეხედულებების მცდარობას გვიჩვენებს.
უკვე V საუკუნის მეორე ნახევარში მონოფიზიტობა რამოდენიმე განშტოებად იყოფა – ზომიერ და უკიდურეს მონოფიზიტებად, VI საუკუნისთვის კი ეს განშტოებები კიდევ იყოფა ქრისტეს სხეულის ხრწნადობისა და უხრწნადობის მომხრეებად და აქტისტიტებად – უკიდურეს მონოფიზიტებად, რომლებიც ქრისტეს კაცობრივ ბუნებას უქმნელად მიიჩნევდნენ. თანამედროვე მონოფიზიტები ამ კონფესიის ზომიერ ფრთას წარმოადგენენ, რომლებიც ქრისტეს ერთიანი ბუნების აღიარებისას ქრისტეს კაცობრივ ბუნებას ჩვენი ბუნების თანაარსად აღიარებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამით ისინი თავისი მამების შუასაუკუნეობრივ ტრადიციებს აგრძელებენ. ჩვენ მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ – ერთს შუა საუკუნეებიდან, მეორეს კი ჩვენი დროიდან. XII საუკუენის მეორე ნახევარში სომხური ეკლესიის ცნობილმა მამამ, მისმა ერთ-ერთმა გამოჩენილმა და ცნობილმა ღვთისმეტყველმა, კათოლიკოსმა ნერსეს შნორალიმ (1166-1173) სარწმუნოებრივი აღმსარებლობა დაწერა, რომელიც სომხური ეკლესიის აღმსარებლობას წარმოადგენს. ნერსესმა ის ბიზანტიის იმპერატორ მანუილ კომნინის (1143-1180) თხოვნით დაწერა, ბიზანტიურ-სომხური საეკლესიო მოლაპარაკებების წინ, რომლებიც ეკლესიების გაერთიანების საკითხის თაობაზე გაიმართა. აღნიშნული აღმსარებლობა სომხური ეკლესიის ოფიციალურ აღმსარებლობას წარმოადგენს და აი, რას წერს ნერსესი (მოგვყავს ამონარიდი): „არა სხვა ვინმე – ხორციელი და არა სხვა – უხორცო, არამედ ერთი და იგივე იესო ქრისტე არის ხორციელიც და უხორცოც: ხორციელი კაცობრივი ბუნებით, რომელიც მან მიიღო და უხორცო ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც მას გააჩნდა; იგივეა ხილული და უხილავი, შეხებადი და შეუხებელი, დროული და უდროო, ძე კაცისა და ძე ღვთისა, ღვთაებით მამის თანაარსი და ადამიანობით ჩვენი თანაარსი, მაგრამ ერთი არსება და ერთი პირი ორი ბუნებისგან შემდგარი, რომლებიც ერთ იესო ქრისტეშია გაერთიანებული, შეურევნელად და განუყოფელად“ [1]. ამავეს წერს თანამედროვე სომეხი ღვთისმეტყველი არქიეპისკოპოსი ეზნიკი (პეტროსიანი): „გაერთიანების შემდეგ მხოლოდ ერთი ბუნება უნდა ვაღიაროთ – ღვთაებრივი, რომელიც ორი არსის განუყოფელი ერთობისგან შედგება – სრულყოფილი ღვთიური და სრულყოფილი ადამიანური ბუნებებისგან“ [2].
როგორც ზემოხსენებული მაგალითებიდან ვხედავთ, მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურობის ჭეშმარიტებას, ჩვენთან თანაარსობას, მის ადამიანური ბუნების სრულყოფილებას, ბუნებების შეურევნელობას და განუყოფელობასაც აღიარებენ, მაგრამ შეერთების შემდეგ ერთიან/ერთ ბუნებას აღიარებენ, რაც ყოველთვის უნდა აღინიშნებოდეს. ზუსტად ეს არის ჩვენსა და მათ შორის სხვაობა ლოგოსის განკაცების საკითხის ყველაზე მთავარ ასპექტში. აქედან გასაგებია, თუ რა ევნო ჯვარზე მონოფიზიტობის გაგებით – ქრისტეს ადამიანობა. ეს პირდაპირ გამომდინარეობს ნერსეს შნორალის ოფიციალური მრწამსიდან: „მიაჭედეს ხეს (ქრისტე) ავაზაკთა შორის, როგორც ადამიანი, მაგრამ ნათელი დააბნელა და ავაზაკი სამოთხეში შეიყვანა, როგორც ღმერთმა… მოკვდა ადამიანური ბუნებით, როგორც ადამიანი, მკვდრებს კი ღვთაებრივი ძალით აღადგენდა. სიკვდილი იგემა ხორცით, სანამდეც თვითონ უნდოდა, როგორც ადამიანმა, სიკვდილი კი სიკვდილით დათრგუნა, როგორც ღმერთმა“ [3]. შემდეგ კათოლიკოსი აგრძელებს და წერს, რომ ქრისტე: „ორი საპირისპიროსგან შეერთებული, ერთი შეიქნა, თავის თავში ორივე (ბუნების) საპირისპირო შეგრძნებებს ატარებდა – ადამიანური ბუნებით ვნებასა და სიკვდილს, ღვთაებრივი ბუნებით კი უვნებლობასა და უკვდავებას…“[4]. მაგრამ როგორ და რა სახით ევნებოდა კაცობრივი ბუნება (მონოფიზიტების გაგებით), ერთ ბუნების აღიარებისას, ეს უკვე სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში, პატივცემული არქიმანდრიტი არასწორად სვავს კითხვას: არა „ვინ ევნო ჯვარზე, ვინ მოკვდა და აღდგა“ (?), რადგან, გასაგებია, რომ ევნო ქრისტეს პიროვნება, მაგრამ – როგორ ევნო, რა სახით და კერძოდ, რით (?) ევნო განკაცებული ლოგოსი. ჩვენსა და მონოფიზიტებს შორის განსხვავება ქრისტოლოგიის გაგებაში მდგომარეობს, უფრო ზუსტად კი ტერმინების „ბუნება“ და „იპოსტასის“ გაგებაში. ეს განსხვავება ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენს ავტორს წარმოუდგენია. საქმე იმაშია, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნების აღიარება (ბუნებათა შეერთების შემდეგ) მონოფიზიტებისთვის მეორე იპოსტასის აღიარების ტოლფასია, რადგან მონოფიზიტები არისტოტელეს განსაზღვრებას იყენებენ: „არ არსებობს ბუნება იპოსტასის გარეშე“. ბუნება, თავისთავად, მხოლოდ აზრობრივი (ან ნომინალური) კატეგორიის სახით არსებობს, რეალობაში კი ის ყოველთვის იპოსტასების სახითაა მოცემული, თავის კერძო, გამოცდილებით აღქმად რეალიზაციებში. მონოფიზიტები ღვთაებრივი ლოგოსის მიერ ადამიანური ბუნების იპოსტაზირების შესახებ სწავლებას არ აღიარებენ. აქედან კი შედეგად და დასკვნის სახით გამომდინარეობს, რომ მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ ბუნებას ნომინალურად (ანუ წარმოსახვითათ) აღიარებენ; აქედანვე გამომდინარეობს მათი ქრისტეს ერთიანი/ერთი ბუნების აღიარება, რომელიც ორი ბუნებისგან შედგება (რაც ადამიანური ბუნების არსებობას ყველა ზემოხსენებულ ასპექტში გულისხმობს). ხოლო ჩვენ, მართლმადიდებლები ადამიანური ბუნების რეალურობას ვაღიარებთ; აქედანვე გამომდინარეობს ჩვენს მიერ ქრისტეს ორი ბუნების, როგორც ორი რეალობის აღიარება (არა ორი იპოსტასის გაგებით, არამედ ლოგოსის მიერ ადამიანური ბუნების იპოსტასირების გაგებით) და ქრისტეს შეცნობას ორ ბუნებაში, რაც IV მსოფლიო (ქალკიდონური) კრების (451 წ.) დოგმატს წარმოადგენს: „ერთი და იგივე ქრისტე, ძე, უფალი, მხოლოდშობილი, ორ ბუნებაში შემეცნებადი (εν δύο φύσεσιν) შეურევნელად, უცვლელად, განუყოფელად, განუყრელად“; აღნიშნული ასპექტი (ქალკიდონური ფორმულირება) აიძულებს მონოფიზიტებს ქალკიდონური კრების ოპოზიციაში ყოფნას და ამიტომ ჩვენ მათ, ასევე, ანტიქალკედონიტებს ვუწოდებთ. იგივე ასპექტი მონოფიზიტებს ახალი ტერმინოლოგიის შემოღებას მოითხოვდა, მაგალითად: „ერთიანი შედგენილი ბუნება“ ან „ერთიანი ღმერთკაცობრივი მოქმედება“, როგორც ანტიქალკედონიტი სევირ ანტიოქიელის (+ 538) შრომებიდან ჩანს, რომელიც ბევრ რამეში წმ. კირილე ალექსანდრიელს ბაძავდა (+ 444) და ამავე დროს ეწინააღმდეგებოდა მას. თუ წმ. კირილე ქრისტეში ორი ბუნების რეალურ გარჩევას უჭერდა მხარს და ქალკიდონის კრებამდეც პირდაპირ გამოთქვავდა „ქალკიდონურ“ აზრს (ქრისტეს აღიარება და შეცნობა „ორ ბუნებაში“): „ίνα νόησης δια των πετεινών τον ουράνιον άνθρωπον ομού και Θεόν εις δύο μεν φύσεις“ – „რათა ფრინველების მეშვეობით შეიცნო ზეციური კაცის მსგავსად და ღმერთიც ორ ბუნებაში“ (PG 69 576 BC), სევირ ანტიოქიელი კი მხოლოდ ბუნებების ჭვრეტაზე საუბრობს: „ორი (ბუნების) გარჩევა მხოლოდ გონების ჭვრეტით არის დაშვებული“ (PG 86 908). მაგრამ სევირ ანტიოქიელი უბრალოდ კი არ უპირისპირდებოდა წმ. კირილეს, ის საკმაოდ თამამ შეფასებებს აძლევდა წმ. კირილეს ღვთისმეტყველების იმ ნაწილებს, სადაც სევირ ანტიოქიელის „μία φύσις“ იმსხვრეოდა. სევირი აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობდა: „ქრისტეში ორ ბუნებაზე მოსაუბრენი მამათა სიტყვებს უარყოფენ, თუმცა ეს უკანასკნელნი ნეტარ კირილესთანაც გვხვდება“ (PG 89 104-105). მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონოფიზიტური ეკლესიები არ ეთანხმებიან ერთმანეთს სევირის წმინდანად აღიარების/არაღიარების საკითხში, ზოგიერთები კი გმობენ კიდევაც მას ქრისტეს სხეულის ხრწნადობის შესახებ სწავლების გამო, – ყველანი თანხმდებიან ქრისტეს ერთი ბუნების (μία φύσις) აღიარებაში, რომლიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობს ქრისტეში ადამიანური ბუნების მჭვრეტელური/ნომინალური აღიარება. ჩვენ არ გავარჩევთ მონოფიზიტების მიერ ამ ტერმინების სწორ ან მცდარ გაგებას, რადგან ეს ჩვენი სტატიის მიზანი არ არის და ეს საკმაოდ რთული და ღრმა თემაა, რომელიც სულ სხვა ფორმატს მოითხოვს. ჩვენთვის საკმარისია იმის ჩვენება, რომ მონოფიზიტებისთვის სავსებით ცხადი და გასაგებია როგორ, რა სახით და რით ევნო ქრისტე, მაშინ როდესაც პატივცემული არქიმანდრიტი, ამ შემთხვევაში, კითხვის ნიშანს სვავს. კითხვის ნიშანი რომ არ დავსვათ, ამისთვის საჭიროა მონოფიზიტურ სწავლებაში ჩაღრმავება (მათი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესწავლა), თუკი ავტორს მართლაც სურს აღნიშნულ საკითხში ჭეშმარიტების შეცნობა და არა ანტიქალკიდონიტების მისამართით ბანალური ბრალდებების გამეორება.
მონოფიზიტების სწავლების მსგავსად, პატივცემული არქიმანდრიტი მსგავს უცოდინრობას ნესტორიანელთა სწავლებაშიც ამჟღავნებს. ის წერს:
„ნესტორიანობა ასწავლის იესოს ცოდვილ ბუნებას და მის ორ პირს, რომლებიც მასში ზნეობრივად გაერთიანდა, რითიც გამოსყიდვის დოგმატს აუკუღმართებს. თუ ადამიანის ბუნება ცოდვილია, მაშინ ვნება და სიკვდილი ცოდვის შედეგია და არა ნებაყოფლობითი მსხვერპლი“.
ნესტორიანელობა ასე მარტივად როდი ასწავლის ქრისტეში გაერთიანებულ „ორ პირზე“. ის ასწავლის ქრისტეს პირზე, როგორც ერთ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანების პირზე და ამას ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი საკითხის ობიექტური ხედვისთვის. აი, თვითონ ნესტორის (+ დაახლ. 451) სიტყვები: „ღვთაებამ ადამიანობის არსების ხატება მიიღო და ადამიანობამ ღვთაების არსების ხატება მიიღო; ამგვარად, შეიქნა ერთი პირი ერთობისა – ადამიანობის თვისებები სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, ღვთაებრივი – ადამიანობას, რომელშიც ის განკაცდა, მჭიდროდ გაერთიანდა ერთსა და იმავეში განგების წყალობით“ [5]. ქრისტეს ერთობის ღვთისმეტყველებაში ნესტორს შედეგის სახით აქვს გაერთიანების ერთი პირი და ზუსტად ამიტომ ასწავლიან ნესტორი და ნესტორიანელები ქრისტეს ერთ პირს. ნესტორის თანახმად, ის არ შერწყავს და არ განყოფს, არამედ განასხვავებს ერთ ქრისტეში ბუნებებს თავისი იპოსტასებითა და პირებით. ნესტორის თანახმად, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ორი პირი ერთიანდება ერთში და რომ ეს ერთი ორის ჯამია, არა. ნესტორი (ისევე, როგორც თეოდორე მოფსუესტელი) ქრისტეს ორივე ბუნების სრულყოფილებას (მთლიანობას) ვერ ხედავს, თუკი ისინი უპიროვნოა. ნესტორისთვის გაერთიანების პირი „პიროვნების“ ცნების ტოლფასია, თითოეული ბუნების პირი კი ბუნების კონკრეტული რეალიზაციაა თავისი თვისებებითურთ. ამიტომ, ბუნებათა (და არა პირთა, როგორც ამას პატივცემული არქიმანდრიტი ფიქრობს) ერთიანობის აქცენტირებისას ნესტორი წერს: „ჩვენ არ ვამბობთ: „პირთა (πρόσωπα) ერთიანობას“, არამედ „ბუნებათა ერთიანობას“. რადგან ერთიანობაში მხოლოდ ერთი პირი (πρόσωπον) არსებობს, ბუნებებში კი ერთიც და მეორეც; რამეთუ საერთო პირიდან (πρόσωπον) ცნობილია, რომ მან ხორცი, მონის ხატება საკუთარ (ხატებად) მიიღო და მისი მეშვეობით საუბრობდა, ასწავლიდა და მოქმედებდა; მონის მსგავსებას კი საკუთარი მსგავსება მიანიჭა, რომლის მეშვეობითაც საკუთარი პირითა (πρόσωπον) და ღვთაებით ლაპარაკობს. რადგან, პირი (πρόσωπον) – საერთოა, ერთადერთი და იგივე. მონის მსგავსება ღვთაებას ეკუთვნის, ღვთაების მსგავსება კი ადამიანობას. პირია – ერთი და იგივე და არა არსი“ [6]. ჩვენ ახლა არ ჩავუღრმავდებით ნესტორის ტერმინოლოგიას და მართლმადიდებლურობის მიმართებაში მის აზრობრივ დატვირთვას, რადგან ეს არ შედის ჩვენი სტატიის მიზნებში. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ამა თუ იმ კონფესიის სწავლების განსაზღვრისას აუცილებელია სიფრთხილე და ობიექტურობა პირად გამონათქვამებში, რისკენაც მოგვიწოდებს წმინდა წერილი. ორი პირის აღიარება (გაერთიანების პირის მიჩუმათებით ან არცოდნის გამო), როგორც (თითქოსდა) ნესტორის ლოგოსის განკაცებისა და ორი ბუნების გაერთიანების შესახებ ღვთისმეტყველების შედეგი, მას უკიდურესმა მოწინააღმდეგებმა მიაწერეს მისი დაგმობიდან მრავალი წლის შემდეგ. ნესტორი რომ ქრისტეში ერთობისა და ერთიანობისკენ ისწრაფვოდა, ამას თავად კირილე ალექსანდრიელიც ადასტურებდა, როდესაც წერდა ნესტორს: „თუ შენ (ნესტორი) ამბობ, რომ ერთია ძე და ერთია ლოგოსის იპოსტასი განკაცებული…“ (PG 76 93 D). სხვა საქმეა, რომ ბუნებების, თავიანთი იპოსტასებითა და პირებით, გაერთიანების ფორმის ნესტორისეული ხედვა, ასევე ნესტორის მიერ ქრისტეს ადამიანურობით თანდათანობით ზნეობრივი სრულყოფის, მის მიერ მღვდელმთავრობის თანდათანობით მიღწევის აღიარება არ იყო მართლმსჯელობა, ეს ყველაფერი ნესტორის აღმსარებლობაში ერთიან ქრისტეში მეორე არსებას ავლენდა და ამიტომ კრების დონეზე კრიტიკას დაექვემდებარა, რამაც შედეგად 431 წლის III მსოფლიო კრება გამოიწვია. ნესტორიანელებისა და მონოფიზიტების ქრისტოლოგიის ცალკეული პრობლემაა – მარადიული ლოგოსის ქრისტესადმი, ანუ უკვე განკაცებული ღვთის ძისადმი, იგივეობრიობის/განსხვავბეულობის პრობლემაა.
აღმოსავლეთის თანამედროვე ასურული ეკლესია ნესტორს არა როგორც მოძღვარს, რომლის მიმდევარიც თავად აღმოჩნდა, არამედ როგორც აღმსარებელსა და მისთვისა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიისთვის საერთო თავდაპირველი ტედენციის გამომხატველს სცემს პატივს. ასე მიაჩნია ამ ეკლესიას. ნესტორის ღვთისმეტყველების ძირითად აზრს აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესია აღიარებს, რომელსაც გამოხატავს ამ ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი წინასწარმეტყველი მარ ბავვაი დიდი (+ 682) თავის ტრაქტატში „ერთიანობის შესახებ“ [7]. მართლმადიდებელი ეკლესია აღმოსავლეთის ასურულ ეკლესიასთან გაერთიანების მიზნით ურთიერთობას განაგრძობს (ისევე, როგორც ანტიქალკიდონიტურ ეკლესიებთან) და კიდევ გასარკვევია, თუ როგორ გვესმის ჩვენ და მათ ქრისტოლოგიური ტერმინების აზრი (ამა თუ იმ საღვთისმეტყველო ტერმინის ეტიმოლოგიურ-ენობრივი რეალობიდან გამომდინარე), რაც მომავალში ქრისტიანების ერთობას მნიშვნელოვნად დაეხმარება; ჩვენ მშვიდობას და ერთობას ვეძებთ, რადგან მშვიდობისა და ერთიანობისკენ მოგვიწოდებს უფალი (იოანე. 17, 21-22). ჩვენ ეკლესიაში ამ მშვიდობისა და ერთობისთვის ვლოცულობთ, ბანალური და უწიგნური ბრალდებებით კი ღვთის მოწოდებასა და მცნებას ვერ შევასრულებთ და ვერ დავიცავთ. მეტიც, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის პირდაპირი დისკრედიტაციაა. ეს მცნება (იოანე. 17, 21-22) აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვიმარხავდეთ.
გრიგორი გრიგოროპულოსი
* * *
[1] იხ.: С. Троицкий. Изложение веры Церкви Армянския, начертанное Нерсесом, католикосом армянским, по требованию Боголюбивого Государя греков Мануила. С.-Петербург, 1875. С. 27-28.
[2] იხ.: Езник Петросян. Христология Армянской Церкви. Св. Эчмиадзин, 1995. С. 85-92.
[3] იხ.: С. Троицкий. С. 31.
[4] იქვე.
[5] იხ.: Nau François. Nestorius d’après les Sources orientales. Paris: Bloud, s. Paris: Librairie Bloud & Cie, 1911. P. 161.
[6] იხ.: Антология восточно-христианской богословской мысли. Москва-Санкт-Петербург, 2009. Т. I. С. 539.
[7] იხ.: Е.А. Заболотный. История конфессионального разделения сирийского христианства и развитие христологии в IV-VIII веках. М., 2016. С. 326-336.